თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ისრაელმა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა შეზღუდვა ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების შესვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი შეტყობინებები უკვე დაეგზავნათ უცხოურ ავიაკომპანიებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Ynet.
„ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრს, რომელიც არ არის ისრაელის მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები, ეკრძალება ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლა — სატრანზიტო რეისების ჩათვლით, გარდა იმ მგზავრებისა, რომლებსაც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის საქმეთა სამმართველოს სპეციალური ნებართვა აქვთ“, — ნათქვამია ავიაკომპანიებისთვის დაგზავნილ შეტყობინებაში.
აღსანიშნავია, რომ ისრაელმა, კორონავირუსული პანდემიის გამო, უცხოელების ქვეყანაში შეშვება მარტის შუა რიცხვებიდან აკრძალა.