შიდა ტურიზმის დაშვების კვალდაკვალ: 20 ივნისიდან მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება

მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები იცვლება – მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი განახევრდება.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს 20 ივნისიდან მიიღებენ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, აღნიშნული სივრცეების გახსნისთვის მზადაა, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიდებს მუზეუმებში, ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე უფასო შესვლის უფლება ექნებათ

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში ყველა სამუზეუმო დაწესებულებამ მუშაობა ჯერ კიდევ მარტში შეწყვიტა. ხელისუფლებამ დაწესებული შეზღუდვების შერბილების პროცესი 27 აპრილიდან დაიწყო. 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა.

მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით სააგენტო საკუთარ მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფებს ცვლის – მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი განახევრდება, აღნიშნულია განცხადებაში.

რა ღირს ნაკრძალში შესვლა

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებმა და ნაკრძალებმა ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთები გააძვირეს – ვარძიასა და უფლისციხეში ბილეთის ღირებულება 15 ლარია.

ადგილობრივი მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის მოქმედებს შეღავათიანი ფასი – 1 ლარი.

მუზეუმებსა და ნაკრძალებში უფასოდ შესვლა შეუძლიათ იძულებით გადაადგილებული პირის და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებს, ომის ვეტერანებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შშმ პირებს.

ბილეთების გაყიდვიდან მუზეუმების ბიუჯეტში შესული თანხა ხმარდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას.

ვარძია

XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძიდან 30 კმ-ში მდებარეობს. იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს.

ვარძია-ხერთვისი-ოლოდა შეიძლება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანონ

ვარძიის ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.

არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.

კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე

უფლისციხე, ქალაქ გორთან არსებული კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიაში უძველესი დასახლებაა. იგი წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღადგინეს

უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. იგი წარმოადგენს ანტიკურ ქალაქს, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვ.

უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.