როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს და რა პერიოდია ამისთვის საუკეთესო

როგორ უნდა გადავაჩვიოთ პატარა საფენს და მივაჩვიოთ ქოთანს, რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს მშობელმა, ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.
Sputnik
როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს და რა პერიოდია ამისთვის საუკეთესო

ეს რთული დავალებაა, რადგან ამ სერიოზულ ამბავზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი:

18 თვის ასაკამდე ბავშვების უდიდესი ნაწილი ამისთვის მზად არ არის, რადგან მას შარდის ბუშტის და სწორი ნაწლავის კონტროლი არ შეუძლია.

ბავშვები ერთმანეთს არ ჰგვანან, ამიტომ ქოთანზე ან უნიტაზზე მიჩვევის პროცესი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის თავად ბავშვის განვითარების დონეზე, ოჯახის ეთნიკურ და კულტურალურ თავისებურებებზე და სხვ. ამიტომ ბავშვების დიდი ნაწილი 18-24 თვემდე ასაკში ეჩვევა ქოთანს, მაგრამ ზოგი არაა მზად სამ წლამდეც კი.

ეს არის პროცესი, რომელიც ბავშვისგან კეთილ ნებას, მზადყოფნას და მონდომებას მოითხოვს, მშობლისგან კი დიდ მოთმინებასა და გულმოდგინებას. ამიტომ გირჩევთ, ამისთვის მორალურად მოემზადოთ.

გამოცდილი დედები ამბობენ, რომ გოგონები უფრო ადვილად ეჩვევიან ქოთანს, ვიდრე ბიჭები. დედიკოები კი არა, ზოგი კვლევაც ადასტურებს ამას, თუმცა აშშ-ის პედიატრიის აკადემია ამ კვლევების სარწმუნოებას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს და რა პერიოდია ამისთვის საუკეთესო

როგორ გამოვიცნოთ, როდის დავიწყოთ გადაჩვევის პროცესი

ვცადეთ ერთხელ და გადაეჩვია საფენს, მოითხოვა ქოთანი და წარმატებაც მიღწეულია! არა, ასეთი ჯადოქრობები ამ საქმეში არ ხდება.

დააკვირდით:

· შეუძლია თუ არა შარდვის შეკავება – აჯვარედინებს ფეხებს, ცვლის სახის გამომეტყველებას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მას შეუძლია შარდის ან განავლის შეკავება.

· სულ უფრო ხშირად ამჩნევ, რომ საფენი მშრალია.

· აქვს თუ არა უნარი გამოხატოს სურვილი ან საჭიროება.

· შეუძლია ქოთანზე დამოუკიდებლად დაჯდომა და ადგომა.

· ახერხებს დამოუკიდებლად აიწიოს და ჩაიწიოს ქვედა საცვალი, შარვალი.

· იგებს და მოსწონს შექება და წახალისება.

· შეუძლია მიბაძვით რაიმეს გამეორება.

· აქვს სურვილი რაიმე გააკეთოს დამოუკიდებლად და სულ უფრო ხშირად გეუბნებათ – მე თვითონ.

· ემორჩილება ინტრუქციებს.

თუ ჩამოთვლილი პირობებიდან უმეტესობა სრულდება, დროა საქმეს შეუდგეთ.

როგორი უფროსები ესიმპათიურებათ ერთ წლამდე ბავშვებს: მეცნიერებმა საიდუმლო ამოხსნეს

რით დავიწყოთ?

პირველ რიგში სიტუაციის შეფასებით და მოტივაციის შექმნით. და თუ ეს ყველაფერი უკვე მოახერხეთ, დროა მაღაზიაში საბავშვო ქოთანი შეარჩიოთ. ჯობს ფერადი და მიმზიდველი იყოს, პატარა ადვილად რომ დაინტერესდეს. მოუძებნეთ ქოთანს ადგილი – რა თქმა უნდა, ტუალეტი. თუმცა დასაწყისისთვის ის ოთახიც შეიძლება, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს და უყვარს.

აუცილებლად უწოდეთ ექსკრემენტებს საყვარელი სახელები, რათა ის არ უკავშირდებოდეს რაიმე ცუდს, ჭუჭყიანს. არჩევანი თქვენზეა – იმდენი მოსაფერებელი სიტყვა არსებობს „ფისების“ და „კუკების“ მოსახსენებლად.

რას იღებს შვილი მემკვიდრეობით დედისგან და რას - მამისგან: დამტკიცებულია მეცნიერულად

შენ მწვრთნელი ხარ!

ყველაზე საინტერესო მეთოდის ავტორი, მსოფლიოში ცნობილი ლორა ჯენსენი ექვსი შვილის დედაა, რომელსაც ბავშვების აღზრდის სოლიდური გამოცდილება აქვს.

სწორედ მას ეკუთვნის სახალისო წიგნი „ქოთნის სამდღიანი ტრენინგი“, რომელიც ბევრ მშობელს დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში. ლორა ჯენსენი ამბობს, რომ საფენის გადასაჩვევად სამი დღეც საკმარისია, თუ მოთმინებას გამოიჩენ და ამ სამ დღეს სრულად მიუძღვნი შენს შვილს. მისი აზრით, ყველაზე ხშირად ამისთვის საუკეთესო ასაკი 22 თვეა.

დასაწყისისთვის უნდა მოიმარაგოთ 20-30 ცალი საბავშვო ტრუსი. ბევრი სითხე, უჯრედისის უხვად შემცველი საკვები (ხილი, ბოსტნეული). ეს პროდუქტები ხშირი შარდვის და დეფეკაციის გამოწვევაში დაგეხმარებათ.

არ დაივიწყოთ გემრიელი ნუგბარი და ახალი სათამაშო პატარას დასაჯილდოებლად.

საჭიროა სამი, ყველა საქმისგან თავისუფალი დღე, რომელიც სრულად უნდა მიუძღვნათ ამ საჭირბოროტო საკითხს, თუმცა მოთმინება დაგიფასდებათ.

პირველი დღე ბავშვის გაღვიძებისთანავე იწყება: ჩააცვით მას ქვედა საცვალი საფენის გარეშე. ჯობს შარვალი არ ჩააცვათ, რათა მისი უნებლიე მარცხი ადვილად შენიშნოთ. იდეის ავტორი გრძელი მაისურის ჩაცმას გვირჩევს, რომელიც პატარას ფეხების ნაწილს დაუფარავს.

ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში, ანუ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

დილით გამოცვლილი საფენი კი თავად მას გადააგდებინეთ და სთხოვეთ, დაემშვიდობოს. არ დაგავიწდეთ აუხსნათ ბავშვს, რატომ გადააგდო საფენი. იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და, როგორც დიდებს, ისეთივე ტრუსი აცვია.

აჩვენეთ ქოთანი და აუხსენით, რომ ამ ჭურჭლის მოვალეობა „ფისების“ და კუკუს“ დაჭერაა. სთხოვეთ გითხრათ, როდის იქნება მზად ქოთანზე დასაჯდომად. მანამდე კი რამდენჯერმე დასვით მცირე დროით ქოთანზე. უმეორეთ კითხვა ხშირად, თავად მიანიჭეთ პატარას კონტროლის საშუალება. ეს მას პასუხისმგებლობის გრძნობას შესძენს და წაახალისებს. ქოთანზე ჯდომისას ესაუბრეთ, მოუყევით რამე. და თუნდაც პატარა სრულებით ტყუილად ზის ქოთანზე, მაინც შეაქეთ ამ მოთმინებისათვის.

დასვით ქოთანზე გაღვიძების, კვების მერე, ძილის წინ.

არ დაგავიწყდეთ, რომ პატარას ახლოს უნდა ჰქონდეს სითხის შემცველი ბოთლი, ან ჭიქა და წასახემსებლად ხილის მიცემაც არ დაივიწყოთ. შეეცადეთ ნაკლები სითხე მისცეთ ძილის წინ.

რამდენად საზიანოა გაჯეტები პანდემიისას - მედიკოსების რჩევები და დედების პირადი გამოცდილება

„უბედური შემთხვევების“ გარეშე ეს პროცესი, აბა, როგორ ჩაივლის. და როგორც კი ეს მოხდება, დასვით ბავშვი ქოთანზე იმის მისახვედრად, რომ მას იქ უნდა მოესაქმებინა. დაამშვიდეთ და უთხარით – „არა უშავს, შემდეგში უფრო ადრე დავჯდეთ ქოთანზე“.

როგორც კი ქოთანში განავალს ან შარდს დაინახავთ, ეს ზარზეიმით უნდა აღნიშნოთ, წაახალისეთ, შეაქეთ, გამოუჩინეთ ახალი სათამაშო ან ნუგბარი. ქოთანის შიგთავსი კი ბავშვის თანდასწრებით ჩაცალეთ უნიტაზში და პატარას მისი ჩარეცხვის საშუალება მიეცით.

თუ ბავშვი რამდენიმე დღის მანძილზე გეწინააღმდეგებათ, ტირის, დაასვენეთ 2-3 კვირით და შემდეგ კვლავ შეუდექით საქმეს. ბავშვებს ხშირად ეზარებათ ქოთანზე დაჯდომა, რადგან ეს თამაშის შეწყვეტასთანაა დაკავშირებული. აუხსენით, რომ შემდეგ ისევ დაუბრუნება თამაშს.

არ დაგეგმოთ ქოთანზე მიჩვევის ტრენინგი, თუ ადგილმდებარეობის შეცვლას გეგმავთ. ვთქვათ, სხვა სახლში მიგყავთ, ან სულაც აგარაკზე მიემგზავრებით. ჯობს იქ დაიწყოთ ქოთანზე შეჩვევის პროცესი, რომ ტრენინგის წყვეტა არ გამოგივიდეთ. ადგილის, სიტუაციის შეცვლა ქოთნის ტრენინგზე უარყოფითად აისახება.

თუ ჯიუტად გააკეთებთ ამ ყველაფერს, მონდომება აუცილებლად ერთად დაგიფასდებათ – და ეს თქვენი პირველი ერთობლივი გამარჯვება იქნება.