გახარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ: ჩვენ აღვკვეთეთ დესტაბილიზაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გასული წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მინიმუმ ორჯერ არის გამოკითხული
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. გასული წლის 20 ივნისის მოვლენების ირგვლივ იქნება ბევრი კითხვა, მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ იმ დღეს შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია და არეულობა აღკვეთა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

30-მდე ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია 20 ივნისს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ეს აქცია მიეძღვნება შარშანდელი მოვლენების წლისთავს, როდესაც ანტისამთვრობო გამოსვლა პარლამენტის შტურმის მცდელობაში და მომიტინგეთა დარბევაში გადაიზარდა. მომიტინგეთა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის იყვნენ პოლიციელები და ჟურნალისტებიც.

პრემიერი: სამართლებრივი შედეგი დადგა, ხოლო პოლიტიკურს ოქტომბერში ვიხილავთ

„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გამოკითხვაზე ორჯერ ვიყავი. უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ. რაღაცები მეხსიერებაში იშლება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ეს ყველაფერი მისთვის „მეორეხარისხოვანია“.

„ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, ჩემთვის პირადად. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი თუ ბევრი წელი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა“, - განაცხადა პრემიერმა.

გახარია მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენები იყო პარლამენტზე შტურმი, ხოლო პოლიციელებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ.

პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულად კიდევ ერთი პირი ცნო >>

გუშინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ შეუშლის ხელს ოპოზიციას აქციის ჩატარებაში, რომელიც იმ მოვლენების წლისთავს მიეძღვნება. „ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა პრემიერმა და ამით მან უარყო ხმები თბილისის შესაძლო „ჩაკეტვის“ შესახებ.