ფიქალური კოლაფსი: ნავთობმოპოვების ჩამოშლაში აშშ რეკორდსმენი გახდება

აშშ ნავთობმოპოვების რეკორდული ჩამოშლის ზღვარზეა. გაზისა და ნავთობის საბურღი დანადგარების რაოდენობა მინიმუმამდე დაეცა, წარმოება განუხრელად მცირდება. კომპანიები მასობრივად აცხადებენ გაკოტრების შესახებ და მუშობას აჩერებენ.
Sputnik

ნატალია დემბინსკაია

ივნისში ნავთობკოტირებების ჩამოშლის მსხვერპლი გახდა კიდევ ერთი უმსხვილესი ფიქალური მწარმოებელი — Extraction Oil & Gas. პროგნოზების მიხედვით, მარტო მიმდინარე წელს ასზე მეტი კომპანია გაკოტრდება. ანალიტიკოსები ფიქალური დარგის კრახს პროგნოზირებენ, თუ ნავთობის ფასები კრიზისამდელ მაჩვენებელს არ დაუბრუნდება.    

მოსაზრება: არის თუ არა OPEC+-ის ახალი შეთანხმება ყველასთვის სარგებლიანი

მოპოვების დაცემა

2019 წელს ამერიკელები ლიდერები გახდნენ ნავთობმოპოვებაში, გადაასწრეს რა რუსეთსა და საუდის არაბეთს — ამაში მათ ფიქალური ნავთობი დაეხმარა. პირველად ბოლო 70 წლის განმავლობაში აშშ შავი ოქროს ნეტო–ექსპორტიორი გახდა.

„ნავთობმრეწველობას სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია — ფიქალურმა რევოლუციამ თავდაყირა დააყენა ნავთობის ფასები, წარმოება და სავაჭრო ნაკადები“, — განაცხადა მაშინ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში–უმცროსის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში და კონსალტინგური კომპანია Rapidan Energy-ს ხელმძღვანელმა ბობ მაკენლიმ.

ივარაუდებოდა, რომ პრობლემები 2021 წელს შეიქმნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ შემოგვიტია. დაეცა მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, ჩამოიშალა ნავთობის კოტირებები. პირველ რიგში ვალებში ჩაფლული და ინვესტიციების ნაკლებობით შეწუხებული მეფიქალეები დაზარალდნენ. სწორედ ამიტომ გახდნენ ისინი რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ფასების ომის მთავარი მსხვერპლი. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ეს მოსკოვმა ჩამოშალა ბაზარი — ამერიკელი მწარმოებლების შესავიწროებლად.

მოსაზრება: აშშ შესაძლოა საკუთარი ნავთობის გარეშე დარჩეს

მოპოვება აშშ–ში უკვე რამდენიმე თვეა, მცირდება, დაეცა პიკური 13,1–დან 11,1 მილიონ ბარელამდე დღეში. აშშ–ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) ივნისის ანგარიში შემდგომ შემცირებაზე მეტყველებს. EIA–ს პროგნოზით, ნავთობის წარმოება აშშ–ის შვიდ ყველაზე პროდუქტიულ ფიქალურ აუზში 7,632 მლნ ბარელამდე დაეცემა დღე–ღამეში.

წლის ბოლოს სწორედ აშშ შეიტანს ყველაზე დიდ წვლილს ნავთობის მსოფლიო მიწოდების შემცირებაში, ნათქვამია EIA–ს ანგარიშში.

გაკოტრების ტალღა

Haynes & Boone–ს მონაცემებით, იანვრიდან გაკოტრების პროცედურა ნავთობისა და გაზის 36–მა კომპანიამ წამოიწყო, რომელთა საერთო დავალიანება 25,2 მლრდ დოლარს შეადგენს.

მათ შორისაა ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მეფიქალე California Resources-ი და ფიქალური დარგის პიონერი Chesapeake Enеrgy.

„პიკზე Chesapeake იმაზე მეტ ამერიკულ გაზს ქაჩავდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი, გარდა Exxon–ისა, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 38 მლრდ დოლარს აღწევდა. Сhesapeake–მ შექმნა თავისებური მოდელი ფიქალური მოპოვებისა, რომელიც ახლა ირღვევა“, — წერს Bloomberg–ი.

„ათასი დოლარი ერთ ბარელში“ - ამერიკული გეგმა ნავთობის ბაზარს შოკში აგდებს

ივნისში კიდევ ერთი მსხვილი ფიქალური მწარმოებელი — Extraction Oil & Gas ვერ გაუმკლავდა პროცენტის გადახდას ვალზე და სასამართლოს მიმართა, რათა გაკოტრების პროცედურა წამოეწყო.

როგორც Financial Times–ი აღნიშნავს, Extraction–ის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, როცა მისი ფულადი ნაკადი დაეცა და ბანკებმა საკრედიტო ხაზები შეუმცირეს. Rystad Energy–ს ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს დაახლოებით 140 ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანია გამოაცხადებს გაკოტრებას. აშშ–ში ფიქალური მოპოვება შეიძლება დღე–ღამეში 5 მლნ ბარელზე დაბლა დაეცეს. შედეგად, როგორც ამას ShaleProfile Analytics–ი პროგნოზირებს, აშშ ფიქალური დარგის მესამედს მოისაკლისებს.

წარმოების ადრინდელ მოცულობებზე დაბრუნება, პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის დაცემის პირობებში, შეუძლებელია.

„დიდი ალბათობით, წლები გავა, სანამ მეფიქალეები ისევ მიაღწევენ ძველ დონეს, თუ საერთოდ მოხდა ეს ოდესმე“, — აღნიშნავს The Wall Street Journal–ი.

მოსაზრება: ფიქალური ინდუსტრია მუხლებზეა დაჩოქილი და მას სახეში ულაწუნებენ

დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევის თანახმად, შედარებით „იაფი“ ფიქალური აუზის, Permian–ისთვისაც კი რენტაბელობისთვის საშუალო ფასი 49 დოლარს უნდა უტოლდებოდეს ერთ ბარელზე. როგორც ბანკი აღნიშნავს, ბარელზე 40 დოლარის პირობებში მწარმოებლების მხოლოდ 15% თუ გადარჩება.

მაგრამ მეფიქალეების გადამრჩენელი გაძვირება მოსალოდნელი არ არის. EIA–ს პროგნოზით, Brent–ის მარკის ნავთობის ფასი 2020 წელს 34,13 დოლარს შეადგენს, 2021 წელს — 45,62 დოლარს, ხოლო ტეხასურ WTI–ის ფასი წელს 30,10 დოლარს არ ასცდება, მომავალ წელს კი — 43,31 დოლარს.

როგორც ავსტრალიის ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა მშვიდობის ინსტიტუტი“ აცხადებს, თუ ნავთობის ფასები პანდემიამდელ ნიშნულს არ გაუტოლდება, აშშ–ის ფიქალური ინდუსტრია ჩამოიშლება.