გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დუბლინში მცხოვრები ლელა შურუპოვას ირლანდიური ცხოვრების ამბავს მოგითხრობთ.
Sputnik

ამბობს, რომ ბავშვობაში „გურული აკადემია“ დაამთავრა, რადგან იმ დროს შეძენილი პიროვნული თვისებები გარკვეულწილად უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევაში დაეხმარა. საშუალო სკოლაში ოზურგეთში (მაშინდელ მახარაძეში) სწავლობდა. ერთ დღესაც, არტისტული ბუნების წყალობით, თეატრის სცენაზე აღმოჩნდა. შემდეგ საბავშვო ცენტრებში შემოქმედებითი აქტიურობით გამოიჩინა თავი, იმდენად, რომ 2006 წელს ტელევიზიის „პირველმა არხმა“ საბავშვო პროგრამების საუკეთესო წამყვანის ტიტული მიანიჭა. პარალელურად მცირე აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.  

უცხოეთში ისიც ყოფითმა პრობლემებმა ჩაიყვანა. საკუთარი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მალე მოახერხა, რომ სერვისის სფეროს რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან ირლანდიაში Premium cleaning and facility-ს რეგიონულ მენეჯერად დააწინაურეს, ამასთან health and safety-ს ოფიცერიც გახლავთ. მისი ცხოვრების ისტორიის უკეთ გასაგებად დუბლინში დავუკავშირდით.

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- ქალბატონო ლელა, საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ – როგორი იყო გურიაში გატარებული ბავშვობა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, შორეულ და ცივ ირლანდიაში დღესაც გათბობთ?

- ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ გვარის მიუხედავად ძირძველი გურული ვარ. ეს თედო სახოკიას წიგნში "მოგზაურობა გურიაში" დადასტურებული ფაქტია. ამბობენ, ჩემი წინაპრების გურიაში დასახლების შემდეგ გურია დანარჩენმა გურულებმაც აღმოაჩინესო. ეს ხუმრობაა თუ მართალი, ვერ გეტყვით, მთავარია, ამ ულამაზეს რეგიონში ბავშვობის დაუვიწყარი წლები გავატარე. ეს ჩემი ერთადერთი ჯადოსნური სამყაროა, სადაც ისევ სახლობს ჩემი ბავშვობა და სიყრმე, რომელსაც არც ერთი წამით არ დაუტოვებია ჩემი გული და გონება. ესაა ჩემი ფესვები, ალაგი, დირე და ჩემი ნავსაყუდელი...

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- ალბათ თქვენი მოგონებებიც კონკრეტული ამბებისა და ფრანგმენტებისგან შედგება, რა დაგამახსოვრდათ?

- ყველაფერი მახსოვს – მეზობლის კეთილი სალამი: რაფერ ხარ, თუ იცი?! და დასმულ კითხვაზე უკვე გაცემული პასუხი: ქი ხარ კარგად, რაფერც გხედავ! მერე მისი საათობით დალოცვა. გურულების არნახული, შეუდარებელი, ენაკვიმატი იუმორი... ვიხსენებ სასწაულებით სავსე ბავშვობას და თვალწინ მიდგას სიცოცხლით სავსე გაზაფხული და ღიმილიანი სახეები, დილით ამოწვერილ მზესთან ფეხშიშველი გაქცევა. დღესავით მახსოვს, ბებია მიწას თოთოსავით როგორ ეფერებოდა და საღამოს ბაბუას მთელი დღის "პატაკს" როგორ ვაბარებდი. ზაფხულში სიცხისგან გათანგულ მიწას, დაგუდულ ჰაერს ჩვენი კისკისი აცოცხლებდა. იყო ერთი ფორიაქი-სამზადისი ბახმაროსკენ, ნაბეღლავისკენ. "ბაღნები თუ არ დავასვენე წელს, რაფერ იქნება მაი!" თავისი შრომისგან დაღლილი მხრების დასვენებაზე კი არასოდეს ფიქრობდნენ უფროსები. შემოდგომისას იყო ნადი და ყველაზე დაუვიწყარი დღეები...

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- ანუ ცნობილი გურული აკადემია დაამთავრეთ?

- მართლაც, აკადემიის დამთავრების ტოლფასი იყო იმ ადამიანებთან ერთად ჯდომა და მათი სიბრძნის მოსმენა. მათი შინაგანი კულტურა და ინტელექტი ჩემთვის მთელი ცხოვრება სამაგალითოა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტრადიციულ გურულ ოჯახში გავიზარდე, უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომლებიც ჩემს პიროვნულ დამოუკიდებლობას თავიდანვე აღიარებდნენ. ალბათ ცხოვრებაში გამოწვევების გამკლავება ამის წყალობითაც შევძელი. ჩემს ხსოვნას იმდროინდელი ყველაფერი შემორჩა – კრიმანჭულით ჭერახდილი ოდა-სახლი, წელჩაზნექილი ბეღელი, ათუხთუხებული გურული ადესა, სამჯერ ნახადი „ოტკა“, ზამთარში ულევი სტუმარი, კეცზე აშიშხინებული ბებიას კუპატები, ბუხართან გაკიდული ჩურჩხელისა და ჩირის მძივები და ფელამუშის მათრობელა სუნი. მერე თოვლის ბაბუას საჩუქრებით დამძიმებული ხურჯინი და გაზაფხულის ხანგრძლივი ლოდინი...

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- როგორც ვიცი, სცენის სიყვარულმა თეატრალურ სტუდიაში მიგიყვანათ, რას გაიხსენებთ იმ დროიდან?

- პირველ აპლოდისმენტებამდე გრძელი წლები გავიარე – სასცენო მეტყველების გაკვეთილები, ხანგრძლივი, მაგრამ დაუვიწყარი რეპეტიციები. არაადამიანური სიყვარულით შემიყვარდა სცენა, კულისების მტვერი... არაჩვეულებრივი პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტის ზაირა თოთიბაძის შეუდარებელი მასტერ-კლასის და პროფესიონალიზმის დამსახურებაა ჩემი როლები სპექტაკლებში „ოთარაანთ ქვრივი", „ქეთევან წამებული"... მახსოვს, ჩემ მიერ შესრულებულ ზაბლონა მასწავლებლის როლს როგორ მოჰყვა მქუხარე აპლოდისმენტები. მერე იყო რიგის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, უამრავი ტურნე და გასტროლი...

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- როგორ აღმოჩნდით ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებულ ლიტერატურულ-რომანტიკულ ასოციაციებს გვიჩენს?

- ჩემი პირველი ემოცია ჯეიმს ჯოისის „ულისეს" უკავშირდება – ადამიანის აზროვნების გასაოცარ დინამიკას. მგონი, ის სულ ათეულშია და ხელახლა ვკითხულობ ხოლმე, ახლა უკვე ნაცნობ მონოლოგებს თავიდან ვისმენ... როგორი საოცარია, არა? – ჩვენი ბავშვობის გმირებს ვაცოცხლებთ და უფრო კეთილები ვხდებით. გოლიათი ზებ სტამპივით და მამაცი მორის ჯერალდივით ღირსებისთვის, სიყვარულისთვის მებრძოლი გმირებით სავსეა სამყარო, სადაც არ გინდა, რომ კაპიტანი კასიუს კოლჰაუნები არსებობდნენ. დღემდე ღვთის წყალობაა, მგონი, ჩემი სასწაულებით სავსე ამ მწვანე კუნძულზე მოხვედრა. აქ ჩამოვედი იმავე მიზეზით, რის გამოც უამრავი ქართველი თავის მიწას და შვილებს მოსწყდა – საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად...

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- ირლანდიაში ჩასულმა ემიგრანტისთვის ნაცნობი ყველა ეტაპი გაიარეთ და ერთ მშვენიერ დღეს სერვისის სფეროდან Premium cleaning and facility-ს რეგიონული მენეჯერის პოსტზე დაგაწინაურეს - არ იქნებოდა ადვილი ამბავი...

- საკმაოდ რთული გზა გავიარე, ალბათ ისევე, როგორც ყველა ემიგრანტმა უცხო მიწაზე. ზოგჯერ გაუსაძლისად მძიმე სამსახური და დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა, ამასთან ენის ბარიერიც არსებობდა. კიდევ, ქრონიკული უამინდობა – ირლანდიური წვიმა და დღიური საათების შესავსებად, საკმაოდ მძიმე პირობებში, ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა. ჩემი პირველი სამსახური ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის დალაგება იყო. ალბათ ჩემი შრომისმოყვარეობისა და კეთილსინდისიერების გამო იყო, რომ აღნიშნულ კომპანიაში მოგვიანებით სხვა სამსახური შემომთავზეს. ჩემი ფუნქცია რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობა იყო ისევ დასუფთავების სფეროში. სამსახურთან ერთად პარალელურად ენას ვსწავლობდი. ზუსტად ერთ წელიწადში Area manager-ად გადამიყვანეს. დუბლინთან ახლო მყოფ რამდენიმე ქალაქში Premium-ის დაქვემდებარების ქვეშ არსებულ კონტრაქტებს ვხელმძღვანელობდი. 2012 წლიდან გახლავართ რეგიონული მენეჯერი 125 კონტრაქტისა, რომლებიც ირლანდიის სხვადახვა ქალაქებშია განლაგებული.

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- ვისთან გიწევთ ურთიერთობა და რა შედის თქვენს ფუნქციებში?

- როდესაც მულტიკონტრაქტს ხელმძღვანელობ, პირველ რიგში, როგორც კონტრაქტ-მენეჯერი, ვალდებული ხარ შენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე იზრუნო. ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან დასაქმებული, ძირითადად ირლანდიელები, ასევე უამრავი ქართველი, უკრაინელი, პოლონელი და სხვა ეროვნების ადამიანია. ბუნებრივია, სხვადახვა ენაზე კომუნიკაცია მიწევს და ჩემი ფუნქცია, როგორც უსაფრთხობის ოფიცრისა, შემდეგია: სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო რისკების გამოვლენა, სამუშაო ადგილზე საფრთხის ასაცილებლად საჭირო რჩევა-რეკომენდაციების მიცემა. მოკლედ, იმაზე ზრუნვა მიწევს, რომ ბიზნეს-საქმიანობა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა კანონს შეესაბამებოდეს.

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ირლანდიელებს ქართველ ბოსთან?

- საკმაოდ კარგი და თბილი. ირლანდიელები საოცრად უბრალო, გულთბილი, მაგრამ მომთხოვნი ადამიანები არიან. სამსახურთან და მომსახურე პერსონალთან მისაბაძი ეთიკა და დამოკიდებულება აქვთ. აქ მაღალჩინოსნები უფრო მეტს მუშაობენ და უფრო დიდი დატვირთვით, რაც მოტივაციის მომცემია. მეც სწორედ ეს სკოლა გავიარე. მიუხედავად პოზიციისა, თავდაუზოგავად ვშრომობ და, ამდენად, პროდუქტიულ შედეგსაც ობიექტურად ვითხოვ.

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- ქართველებს ყველა ქვეყანაში გვჩვევია პარალელების მოძიება და ირლანდიის შემთხვევაც არ იქნება გამონაკლისი, თქვენ რა მსგავსება აღმოაჩინეთ?

- შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ საოცარი მსგავსებაა ქართულ და ირლანდიულ ხასიათს შორის. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ირლანდიის სხვადასხვა ქალაქში მგზავრობა. უკან დაბრუნებული მეგობრებს ხუმრობით ვუყვები – დღეს სამეგრელოში ვიყავი, ან დღეს რაჭველები გავიცანი და ა.შ. გასაოცარი მსგავსებაა ხასიათში. აქ აუცილებლად ნახავთ გურულებივით სხარტად მოაზროვნე, ენაკვიმატ ირლანდიელ გოგონებს, ან რაჭველი კაცივით დინჯ მამაკაცებს, მეგრელივით ფხიანებს... მთა-თუშეთი გეგონება, როცა იალაღებზე გაფენილ საძოვრებს დაინახავთ. ბავშვობა სვანებთან გავატარე და განსაკუთრებით მიყვარს ეს ხალხი, ქერის მოსახლეობის ტრადიციები საოცრად ჰგავს სვანეთისას. ჩრდილოეთში ხალხი უფრო სიტყვაძუნწი, მაგრამ საოცრად სტუმართმოყვარე და თბილია, მათ კახელებს ვადარებ. დუბლინში, ისევე, როგორც თბილისში, მთელი ირლანდიაა თავმოყრილი. აქაც ხაზს უსვამენ გვარს, წარმომავლობას, სოფლელ-ქალაქელობას. ასე რომ, ენის ბარიერის გადალახვის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოს მთლად არ მოვწყვეტივარ. სულაც თვითონ ვპოულობ ხოლმე ჩემს საქართველოს ირლანდიის ყოველ კუთხე-კუნჭულში...

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- გავიგე, რომ ირლანდიაში გურული ფაცხა გქონიათ ჩადგმული...

- ასეა, შუა დუბლინში, ჩემს ეზოში გურული ფაცხა მაქვს. მისთვის თვეები ვეძებდი თხილის ტოტებს და ბოლოს მაინც ვიპოვე. აქ ჩარგული პატარა ნაძვები ბახმაროს მახსენებს. ამ ოდაში კრიმანჭული მეგობრებთან ერთად ბევრჯერ შემოვძახე. ეს ფაცხა გურიის მონატრებას ცოტათი მიკლავს. დღემდე ვგრძნობ აპრილის სუნს, აკაციების ფოთოლცვენა სიზმრად მექცა, ისევ ისე გავრბივარ ამოწვერილი მზისკენ, მაგრამ... მერწმუნეთ, არსად, მთელ სამყაროში ეს სითბო არ მეორდება!

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

- რა ვერ შეცვალა დრომ, სიტუაციებმა და უცხოეთმა თქვენში?

- მოყვასის სიყვარული... თუმცა, მგონი, ვერაფერი შეცვალა, რადგან საბოლოოდ დავრჩი ის, ვინც ვიყავი. საქმის, ოჯახის, სამშობლოს მიმართ ჩემი პასუხისმგებლობა ყოველ წამს იზრდება და, კიდევ, აქ დროის შეგრძნება დავკარგე. ჩემს სევდიან სამშობლოს ბოლო დროს უფრო ხშირად ვნახულობ და ვეფერები ხოლმე. მგონი, ცხოვრებასთან ბრძოლა გავაასმაგე და მინდა საკუთარ თავს ვაჯობო, რათა ყველაფერი მოვასწრო. უფალს ვთხოვ, მსოფლიოში საუკეთესო ჩემს ქვეყანას და ერს მოწყალების კალთა გადააფაროს...