საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან 101 – მედიკოსია

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან სამედიცინო სამსახურების ინფიცირებული მუშაკები 14,4%-ს შეადგენენ.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 101 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი პირი გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

26 თებერვლის შემდეგ პირველად: საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა >>

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვნების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების 14,4%-ს შეადგენს. ანგარიშის მომზადების მომენტში სულ იყო 829 შემთხვევა. მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის უშუალოდ სამედიცინო პერსონალი, ხოლო 15,1% (18 შემთხვევა) – ტექნიკური პერსონალი, აღნიშნულია ანგარიშში.

ინფიცირებულთა რაოდენობის მატება – რა არ უკვირს ამირან გამყრელიძეს

ინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06%-ია.

ლეტალურად დასრულდა ერთი შემთხვევა (1%). ეს იყო 70 წლის ქალი ქვემო ქართლიდან.

შემთხვევების განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით ასეთია: ექთნები – 58%, უმცროსი მედპერსონალი – 10%, ექიმი-ეპიდემიოლოგი – 1%.

ინფიცირებული მედპერსონალის უმრავლესობა – 84% – ქალები არიან.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალის საშუალო ასაკი შეადგენს 41 წელს, ასაკობრივი დიაპაზონი – 19-72 წელს.

ერთ-ერთი ინფიცირებული იყო 19 წლის, 15 მედიკოსი 20-29 წლის ასაკის პირებია, 68 – 30-59 წლის და 16 ინფიცირებული მედიკოსი 60 წელს ზემოთ ასაკის იყო.

„ანალიზმა აჩვენა, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ყველაზე მაღალი წილი აპრილის თვეში დაფიქსირდა. უმეტესად ინფიცირებულია კოვიდ-კლინიკების სამედიცინო პერსონალი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ესტონეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადმოსცა

COVID-კლინიკებში დაფიქსირდა მედპერსონალის ინფიცირების 47 შემთხვევა, „არაკოვიდ“ კლინიკებში – 15, სასწრაფო დახმარების სამსახურებში – 36, სოფლის ამბულატორიებში – 2.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი დაავადების გავრცელების წყარო თავად გახდა, როგორც ეს „საბურთალოს კლასტერის“ შემთხვევაში მოხდა. ინფიცირებული ექთანი 28 ადამიანის დაინფიცირების პირველწყარო გახდა. აქედან ოთხი არასრულწლოვანია და ერთი ადამიანი 80 წლისაა. ეპიდემიოლოგებმა ამ ჯაჭვის 211 კონტაქტი აღმოაჩინეს. კარანტინში გადაყვანილი იქნა 106 პირი, თვითიზოლაციაში – 92.

აღნიშნულ კლასტერში შემავალი შემთხვევების 82,1% ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით. ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე კლინიკური მიმდინარეობა – 48 წლის მამაკაცს, რომელიც გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე.