თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ექსპორტი კვლავ ეცემა – იანვარი-მაისში გატანილია 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია – 16,2%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.
მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან, 2019 წლის იანვარი-მაისთან შედარებით, 16,8%-ით შემცირდა და 4,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საგარეო ვაჭრობა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 30,6%-ით, ხოლო იმპორტი – 34,3%-ით.
კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის წინაშეა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონებისა და განათლების სფეროები.
როგორ გაიზარდა ფასები და შემცირდა ეკონომიკა - კორონაეკონომიკის შედეგები>>
ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
პროგნოზები
საგარეო ვაჭრობის შემცირების მიზეზი ეპიდემიური სიტუაციის გამო მიღებული საკარანტინო ღონისძიებები, ასევე თითოეულ ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვები, გადაზიდვების დაბრკოლებები და გადახდისუნარიანობის ვარდნაა, მიიჩნევს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე.
აბულაძის განცხადებით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად ვაჭრობის შემცირება 2020 წელს, კრიზისის სიღრმიდან გამომდინარე, 9–32%-ის დიაპაზონში იქნება.
„აღსანიშნავია ვაჭრობის დაცემის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევების შედეგებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება გადააჭარბებს 285 მილიარდ ევროს, ხოლო იმპორტის ვარდნა – 245 მლრდ ევროს“, – განაცხადა აბულაძემ.
ის მიიჩნევს, რომ, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის უკან დახევისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და დაბრკოლებები – ეს მხოლოდ დასაწყისია.
საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება>>
„მართალია, გლობალური ბაზარი ნელ-ნელა ცოცხლდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის გადახდისუნარიანობის გამოცოცხლება ოჯახისა და ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზეა დამოკიდებული. კრიზისის გავლენის შედეგად ქართული ოჯახების ეკონომიკური პროფილი აჩვენებს – დაცარიელებულ საფულეს, მთავრობის შერჩევითი დახმარების მოლოდინს, პოლიტიკურ ცვლილებებზე დამოკიდებულებასა და მღელვარებას“, – აღნიშნა აბულაძემ.
რა ზომებს იღებს მთავრობა
მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვით ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.
ცალკე გეგმა შემუშავდა ბიზნესის დასახმარებლად. მას მთავრობა განსაკუთრებულ შეღავათებს შესთავაზებს. ამასთან, ძირითადი აქცენტი ამჯერად გაკეთდება ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და პროფილის შეცვლაზე.
ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან სამი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.