თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პირველად 26 თებერვლის შემდეგ, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გუშინდელი დღიდან ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და 879-ს შეადგენს.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.