COVID-19 საქართველოში: სად გამოვლინდა ახალი ინფიცირებული პირები

ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 795, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, რომელიც დღემდე კარანტინზეა, კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლნისის  მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, ყველა ინფიცირებული მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

საქართველოში ერთ დღე-ღამეში COVID-19-ის 13 შემთხვევა გამოვლინდა

ორი დღის წინ ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში კორონავირუსის დასადგენად 21 ნიმუში აიღეს, აქედან ოთხი დადებითი აღმოჩნდა.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ქალს. სოფელ მეტეხში კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, სოსო მარღიშვილის თქმით, საუბარია შუახნის ქალზე, რომელიც თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა.

ახალი პაციენტი განეკუთვნება „რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის“ კლასტერს. ქალი თბილისში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

სოსო მარღიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგები მუშაობენ მეტეხში მცხოვრები ქალის ოჯახში, რადგან ის თვითიზოლაციამდე იქ იმყოფებოდა. ყველა პირი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, იზოლირებულია.

ვინ არის საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი >>

ამასთან, შიდა ქართლში თვითიზოლაციაში 60 ადამიანი რჩება.

გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდგინდა რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ორ თანამშრომელს. კლინიკის დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში სამედიცინო პერსონალიდან 9 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 795, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 703 პაციენტი, 14 გარდაიცვალა. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.