თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. ვალუტის კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე, რომლის მონაწილეები ათასობით კომპანია და რიგითი მოქალაქეა, დაწერა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.
„არსებობს მოსაზრება, რომ ვალუტის კურსის ფორმირება ბანკების მიერ ხდება, რადგანაც სწორედ ისინი ყიდიან და ყიდულობენ ვალუტას, თუმცა, ეს ბოლომდე ასე არ არის. ბანკები ვალუტას თავისი საჭიროებისთვისაც (ვალდებულებების გასტუმრება, სესხების გაცემა, სხვა საოპერაციო საჭიროებები) ყიდულობენ/ყიდიან, მაგრამ ამას, უმეტესწილად, კლიენტების დავალებით აკეთებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტაზე მოთხოვნა/მიწოდება ბაზრის მონაწილეთა მიერ იქმნება“, - წერს გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის თვალსაზრისით, მონაწილეთა სიმრავლის გათვალისწინებით, შეუძლებელია, რომ მოთხოვნა-მიწოდების ოდენობა ერთმანეთს ყოველთვის გაუტოლდეს.
„რეალურ ცხოვრებაში ჭარბობს ხან ვალუტის მიწოდება, ხანაც – მოთხოვნა, და სწორედ ეს დისბალანსი იწვევს კურსის ცვლილებას ისე, რომ ახალ კურსზე მოთხოვნა/მიწოდება კვლავ ერთმანეთს გაუტოლდეს“, - განმარტავს გვენეტაძე.
ის მიუთითებს, რომ კორექტირების პროცესი არასტაბილურია და კურსი ერთი ნიშნულიდან მეორემდე ერთნაირად არასდროს არ იცვლება.
„თავისუფალი ბაზრის პირობებში, გაუფასურების ეპიზოდში კურსი ჯერ ზედმეტად უფასურდება, შემდეგ ზედმეტად მყარდება და ა.შ., სანამ ახალ ნიშნულს არ მიაღწევს“, - წერს გვენეტაძე.
მაგალითად კი მოჰყავს ვარიანტი, როდესაც მოთხოვნა ვალუტაზე აღემატება მიწოდებას და ლარი გაუფასურებას იწყებს.
„ის კი, ვისაც ვალუტა საყიდელი აქვს, ცდილობს ვალუტა რაც შეიძლება სწრაფად იყიდოს, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტის გადახდა არ მოუწიოს და, შედეგად, ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. როგორც ხედავთ, კურსის კორექტირების საწყის ეტაპზე, დისბალანსი მოთხოვნას და მიწოდებას შორის შემცირების ნაცვლად იზრდება, რაც კურსს კიდევ უფრო აუფასურებს, და ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ, რაღაც მომენტში, მიწოდების მხარე ჩათვლის, რომ ლარი მეტად აღარ გაუფასურდება“, - წერს გვენეტაძე.
ამასთან ის აღნიშნავს, რომ პროცესი გრძელდება მანამ, სანამ რაღაც მომენტში მიწოდების მხარე არ ჩათვლის, რომ ლარი მეტად აღარ გაუფასურდება, და ის, ვისაც ლარი სჭირდება, დაიწყებს ვალუტის გაყიდვას და ამით მიწოდებას გაზრდის.
„შედეგად, ლარი გამყარებას იწყებს და ვითარებაც საპირისპიროდ იცვლება“, - აღნიშნავს გვენეტაძე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება გადაწყვიტა >>
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ამავე დროს, ლარის გამყარების დაწყების შემდეგ, ის, ვისაც ვალუტის შეძენა სურს, ამ მომენტში ელოდება პერიოდს, როდესაც ლარი უფრო მეტად გამყარდება და მოთხოვნა იკლებს, რის გამოც ლარი უფრო მეტად მყარდება. მხოლოდ ამის შემდეგ მიწოდების მხარე ჩათვლის, რომ ლარი ზედმეტად გამყარდა და შეწყვეტს ვალუტის გაყიდვებს, შედეგად კი გამყარებაც გაჩერდება.
„ეს პროცესი, მართალია კლებადი ამპლიტუდით, მაგრამ ახალი წონასწორული კურსის მიღწევამდე, შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს“, - განმარტავს გვენეტაძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც ბაზარზე ბალანსს ქმნის, მოქმედებს ყველგან, სადაც მცოცავი კურსი და თავისუფალი ბაზარია.
„ეს პროცესი მუდმივად ხდება და მას ის თავისებურება ახასიათებს, რომ რაც უფრო განვითარებულია ბაზარი და მრავალია მონაწილე, მით უფრო იზრდება ამ პროცესის სიხშირე, თუმცა, მცირდება ამპლიტუდა. უფრო ნაკლებად განვითარებულ და მეჩხერ ბაზარს კი, უფრო იშვიათი, მაგრამ უფრო მაღალი ამპლიტუდით მერყევი კურსი ახასიათებს“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ლარის კურსი დოლარის მიმართ 9 მარტიდან ეცემოდა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. მარტში ლარი 20%-ით გაიაფდა, შემდეგ კი თანდათანობით გამყარება დაიწყო - 3 GEL/$1-ის ნიშნულამდე.
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, სამ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე ექვსი აუქციონი გამართა, სადაც 189,65 მილიონი დოლარი გაყიდა.