საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა იკრძალება: დაჯარიმდება ყველა, გარდა...

დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის სავალდებულო ტარების წესის დარღვევა დაისჯება 20 ლარის ოდენობის ჯარიმით, შენობის მფლობელი კი დაჯარიმდება 500 ლარით.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ყოფნისთვის ჯარიმა წესდება.

კანონპროექტის თანახმად, დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის სავალდებულო ტარების წესის დარღვევა, რომელიც განისაზღვრება კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, დაისჯება 20 ლარის ოდენობის ჯარიმით. შენობის მფლობელი კი დაჯარიმდება 500 ლარით.

ქორწილი, ქელეხი სტუმრების შეზღუდული რაოდენობით: საქართველოში საჯარიმო სანქციები წესდება

20-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროპოლიტენის მგზავრებს, თუ ისინი პირბადის გარეშე გადაწყვეტენ მგზავრობას. ასეთივე ჯარიმა ელოდებათ ტაქსის მგზავრებს პირბადის გარეშე.

თუ ადამიანს პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია, მან უნდა მიიღოს სპეციალური ცნობა, რომელსაც ის პოლიციის თანამშრომლებს წარუდგენს, განმარტა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

სამედიცინო დაწესებულებები უკვე გაფრთხილებული არიან იმის თაობაზე, რომ უნდა გასცეს ამგვარი ცნობა, აღნიშნა მან.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა მცირდება - პარლამენტი ცვლილებებზე მსჯელობს>>

პირბადის გარეშე ყოფნისთვის ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე გაჩნდება სანქციები იზოლაციისა და კარანტინის სხვა წესების დარღვევისთვის, რომლებსაც განსაზღვრავს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ეს გამოიწვევს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისთვის და 10 ათასი ლარის ოდენობით – იურიდიული პირებისთვის.

კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პირბადის ტარების წესის გარდა ნებისმიერი შეზღუდვის ხელმეორე დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რასაც მოჰყვება შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით.

მაგალითად, საქართველოში აკრძალულია ათ ადამიანზე მეტის შეკრება სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვ.), აკრძალულია კაზინოების, აუზებისა და სპორტდარბაზების მუშაობა, ასევე ქვეყანაში არ შეიძლება სპორტული და კულტურული ღონისიებების ჩატარება.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები, მათ შორის პირბადის სავალდებულო ტარება, 15 ივლისამდე მოქმედებს.