თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. მრავალრიცხოვანი ქორწილი, ქელეხი და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.
საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტში განიხილავენ.
მრავალრიცხოვანი ქორწილის ან ქელეხის გადახდისთვის ფიზიკური პირისთვის გათვლილია ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირისთვის – 10 ათასი. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, დარღვევის გამეორების შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„იცით, რომ ათამდე პირის შეკრება ნებადართულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია“, – აღნიშნა დეპუტატმა.
კანომდებლები ასევე აწესებენ ჯარიმას საზოგადოებრივ ადგილებში, დახურულ სივრცესა და ტრასპორტში პირბადის გარეშე გამოჩენის შემთხვევაში – ჯარიმა 20–30 ლარი იქნება.
COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება>>
საჯარიმო სანქციების დაწესება კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას უკავშირდება.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 818 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 686 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 2 902, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 249 პაციენტია.