მაჭანკლობა სახალისო ელემენტებით, ანუ ვინ დაგეხმარებათ, თუ მეტროში „დაიქრაშეთ“

19 წლის ელენე ახვლედიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნა ჯგუფი სახელად „მეტროს ქრაში“. ჯგუფში შეგიძლიათ იპოვოთ ის „ქრაში“, რომელთან მისვლა და გასაუბრება ვერ გაბედეთ...
Sputnik

ვუყურებ – მიყურებს, ვუყურებ – მიყურებს, ვუყურებ და… ჩადის. ნეტავ ესეც რუსთაველზე ჩამოვიდეს, ნეტავ ესეც რუსთავ... შენი!..

ფეისბუქი რომ გავხსნა და ჩემი გვერდი დაინახოს? ტეხავს? კაი დროსია, ჩავიდა... ვის არ მოსვლია... Well, well, well...

გოგოებო და ბიჭებო. ეძებთ ქრაშს, რომლის სახელიც არ იცით? გაგაცნობთ 21-ე საუკუნის ერთგვარი მაჭანკლობის სერვისს სახალისო ელემენტებით „მეტროს ქრაში“, რომელიც 19 წლის ელენე ახვლედიანმა სოციალურ ქსელში შექმნა.

ჯგუფის მეშვეობით უკვე ბევრმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი. ზოგი დამეგობრდა, ზოგიც დაშორდა, რადგან პირველი შთაბეჭდილება ხშირად გვატყუებს. თუმცა მოგონებები საკმაოდ სახალისო და დადებითი დარჩა ყველას. როგორც ყველას, ელენესაც თავისი ისტორია აქვს ამ ჯგუფში.

მაგიური კითხვარი შეყვარებულთა გულების ასანთებად

- ელენე, 27 იანვარს ფეისბუქში ჯგუფი სახელად „მეტროს ქრაში“ შექმენი. ახლა 45 ათასზე მეტი წევრი გყავს. რატომ გადაწყვიტე, რომ ეს ჯგუფი საჭირო იყო და ვინ იყო ამ იდეის ქრაში?

- კომუნიკაციისა და გართობის ახალი ხერხი შევქმენით, რომლის მეშვეობითაც მეტროს ერთფეროვან და დაღლილ დღეებს ვიხალისებთ. მე ჩემ ისტორიას მოგიყვებით და იმას, თუ როგორ შევქმენი ეს ჯგუფი:

მორიგი დაღლილი დღე იყო, სამსახურიდან მოვდიოდი და სადგურის მოედანზე ველოდებოდი მატარებელს. რაღაც მომენტში უკან გავიხედე და დავინახე ერთი ბიჭი. როგორ ვთქვა... ერთი ნახვით შეყვარება მაშინ დავიჯერე. სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე ერთად ვიმგზავრეთ, შემდეგ ერთ უბნის მიკროავტობუსშიც ამოვყავით თავი. როცა ჩავედი, თითქოს ჩემი გულიც იქ დავტოვე. ძალიან მინდოდა მეპოვნა, რადგან გულში ჩამივარდა ეგ ადამიანი. სამი დღე ვფიქრობდი. არც სახელი ვიცოდი, არც გვარი. თითქმის მეწურებოდა იმედი, როცა გავიფიქრე, რატომ არ არსებობს ჯგუფი, რომელშიც დავპოსტავდი და ვიპოვიდი. გაჩნდა იდეა, თუმცა თავიდან მაინც სასაცილოდ მეჩვენებოდა. ვიფიქრე, შევქმნი და ერთ-ორ დღეში წავშლი-მეთქი. თუმცა, როცა ხალხმა მალევე დაიწყო ჯგუფში მატება, ყველაფერი შეიცვალა. და, აი, 27 იანვარს შეიქმნა ჩვენი „მეტროს ქრაშები“ და ორ დღეში ჩემმა „ქრაშმაც“ მომწერა.

მაჭანკლობა სახალისო ელემენტებით, ანუ ვინ დაგეხმარებათ, თუ მეტროში „დაიქრაშეთ“

ენით ვერ აღვწერ, რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის. ამ დღიდან მოყოლებული მე და მოდერატორები ვეხმარებით მსგავს სიტუაციაში მყოფ ადამიანებს, რომ იპოვონ მეორე ნახევარი, ერთგვარი მაჭანკლობის სერვისია, სახალისო ელემენტებით.

უნგრეთში აღმოჩენილი რუსი ტურისტი, რომელსაც ხელზე საქართველო აქვს ამოტვიფრული

- ჯგუფის თემატიკა გასცდა მეტროსა და ქრაშებს. რამდენად აქტიურია ჯგუფი?

- ჩემი მოდერატორები რომ არა, ალბათ ჯგუფს წავშლიდი, რადგან დღეში უამრავი მესიჯი, პოსტი და გაწევრიანების მოთხოვნაა. მახსოვს, თავიდან 800-ზე მეტი პოსტი იყო დასადასტურებელი და დღეში 4 ათასამდე ადამიანი ითხოვდა გაწევრიანებას. ბევრი გათამაშება გვინდა გავაკეთოთ, გავამრავალფეროვნოთ რუტინა, სოციალურად სასარგებლო საქმეები განვახორციელოთ. რადგან ჯგუფში 45 ათასზე მეტი ადამიანია, გვინდა ბევრი კარგი იდეა ჩავნერგოთ. რაც მთავარია, ჯგუფის თემატიკა გასცდა მეტროს. შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე „დაქრაშული“ ადამიანი მოძებნოთ, მოგვიყვეთ სახალისო თუ უხერხული ისტორიები, გავრცელებული შემთხვევები ტრანსპორტში, მემანქანეები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ და ვართ ასე. ჩვენი სივრცე შევქმენით და, მიუხედავად ცოტა ნეგატიური უკუკავშირისა, უბედნიერესი ვარ, რომ ეს ჯგუფი შევქმენი.

- როგორ მივხვდე არის თუ არა ჩემი ქრაში ამ ჯგუფში?

- სტიკერები დავბეჭდეთ ჩვენი ლოგოთი და სანამ კარანტინი დაიწყებოდა, რამდენიმემ შეიძინა. ქეისებზე ვაკრობთ ან ჩანთებზე და ჯგუფის წევრები მეტროში ერთმანეთს ვცნობთ. ამიტომაცაა, რომ უფრო მეტი დადებითი ემოცია მოგვაქვს ერთმანეთისთვის.

დასვენება ზღვაზე COVID-19-თან ერთად: ჭკვიანი გაჯეტები უსაფრთხოებისათვის

- რა შეზღუდვებია ჯგუფში?

- იკრძალება ყველანაირი სახის დისკრიმინაცია (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური). პოსტის კომენტარებით ადამიანის დაცინვა, შეურაცხყოფა. აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია დაარეპორტოთ კომენტარი და აცნობოთ ადმინისტრაციას.

ვინაიდან ფოტო/ვიდეო მასალა დაცინვისა და დისკრიმინაციის საბაბი ხდება (ჩაცმულობა ა.შ), მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიდება, თუ გვექნება ნებართვა ან/და საზოგადოდ გავრცელებული იქნება სოციალურ ქსელში.

იკრძალება ნებისმიერი სახის რეკლამა.

ადამიანის აღწერისას ადმინისტრაცია ჯგუფის წევრებს ურჩევს პოსტი შემდეგნაირად დაწერონ: ჩაცმულობა, გარეგნობა, შეხვედრის დრო, ადგილი, თარიღი.

რაც შეეხება სანქციებს, თუ წევრი დაარღვევს ისეთ წესებს, როგორციაა დისკრიმინაცია და რეკლამირება, მიიღებს ერთკვირიან ბანს. იგივე დანაშაულის გამეორებისთვის დატოვებს ჯგუფს.

ელენემ საუბრისას აღნიშნა, რომ სტატისტიკის მიხედვით ჯგუფში ნაპოვნი ქრაშების უმეტესობა მეგობრებად რჩება, თუმცა პარალელურად ბევრი სიურპრიზიც ხდება...