თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამ ვაკანტურ ადგილზე ცხრა კანდიდატია წარდგენილი.
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამეურვეო საბჭოში ადგილებზე პრეტენზიას აცხადებენ ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, ოთარ შაორშაძე, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინო ჭალაგანიძე და ზაურ ხალილოვი.
პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოში სამ ვაკანსიაზე კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლანდელი სახით 2005 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. მანამდე სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია არსებობდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელობს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს. სამეურვეო საბჭო, თავის მხრივ, გენერალურ დირექტორს ირჩევს.
მაუწყებლის შესახებ კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი ორ წელიწადში ერთხელ იცვლება. მეურვის უფლებამოსილების ვადა არ აღემატება 6 წელს.