ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჭავჭავაძის გამზირი შშმ პირთათვის მთლიანად ადაპტირებული იქნება
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერს ნერვებმა უმტყუნა: შეხლა-შემოხლა სკვერის გახსნაზე

ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

 „ბოლო ეტაპის სამუშაოები მოიცავს ავალიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთს, სადაც მთლიანად ხდება გზის განახლება ანუ საკომუნიკაციო ჭის თავების ამოწევა. ასევე, მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვა. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ბოლოს იქნება დახაზვები და განათების ბოძების განახლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები, რომლის შემდეგაც დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენებში მოწყობა. საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება.

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

ჭავჭავაძის გამზირი სამი კვირით იკეტება >>

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება.

გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.