თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის სიმპტომების მქონე ოთხი წლის ბავშვს სომხეთში კავასაკის სინდრომი დაუდგინდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებაზე დაყრდნობით.
მინისტრი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა იმატა, რაც მეცნიერებმა კორონავირუსულ ინფექციას დაუკავშირეს. აღნიშნული სინდრომი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა მას ძირითადად ვირუსულ დაავადებებზე აუტოიმუნური სისტემის რეაქციას უკავშირებენ.
„საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვემზადებოდით და იმუნოგლობულინური პრეპარატები შევიძინეთ. იმედი მაქვს, პატარა მალე გამოჯანმრთელდება. ამ დროისათვის ექიმები მის მდგომარეობას საშუალოდ მძიმედ აფასებენ“, — ნათქვამია მინისტრის პოსტში სოციალურ ქსელში.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაუგზავნეს ყველა ქვეყნის ექიმებს, რომ ბავშვებში იმატებდა სისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევებმა, რა დროსაც პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი და გულის პრობლემები, და რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსთან ყოფილიყო კავშირში.
დადასტურდა: უცნობი სინდრომი ბავშვებში COVID-19-ს უკავშირდება - დასახელდა ახალი სიმპტომები
ამის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მოუწოდა მედიცინის მუშაკებს, განსაკუთრებულად გაემახვილებინათ ყურადღება ბავშვებში კავასაკის დაავადების მსგავს ახალ ანთებით სინდრომზე, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-თან იყოს კავშირში. მოგვიანებით შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა დაადასტურა ანთებითი სიმდრომის კავშირი COVID-19-თან, რასაც აშშ-ში ლეტალური შემთხვევებიც მოჰყვა ბავშვებში.
ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს - მსოფლიო მასმედია ფოტოებს აქვეყნებს>>
რაც შეეხება კავასაკის სინდრომს, ის თავისთავად ასევე ამოუცნობი დაავადებაა. ეს არის სისტემური ვასკულიტი, რომელიც არტერიებს აზიანებს. დაავადება ძირითადად ჩნდება ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია და მისი პირდაპირი მკურნალობის მეთოდიც არ არსებობს.