საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება

ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა სამშენებლო, სავაჭრო, გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელება გრძელდება – კორონავირუსის პანდემიის ფონზე 2020 წლის აპრილში მშპ-ის მოცულობამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,6%-ით დაიკლო, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

სერიოზული კლება აპრილში დაფიქსირდა ქვეყნის ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში, ზრდა კი – მხოლოდ სამთომოპოვებით მრეწველობაში.

პრემიერი: სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა>>

თუ 2020 წლის პირველ კვარტალში რეალური ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5% იყო, იანვარ-აპრილში მშპ-ის მაჩვენებელი –3,6% გახდა.

შარშან საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზულ 4,5%-ს აღემატებოდა.

რატომ შემცირდა ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თავმჯდომარე გოგიტა თოდრაძე ეკონომიკის ვარდნას ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების, ასევე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირებით ხსნის, რომელმაც აპრილში თითქმის 33% დაკარგა და 4,2 მილიარდი ლარი შეადგინა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისი თქმით, აპრილში პროდუქციის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, იმპორტი – 39%-ით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი თითქმის 33%-ით.

რა კავშირშია საგარეო ვაჭრობის შემცირებული მაჩვენებელი მოსახლეობის ჯიბესთან

„ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ გარკვეული გავლენა მოახდინა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელზეც. 2020 წლის აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 93 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“, – აღნიშნა თოდრაძემ.

თოდრაძის თქმით, მშენებლობის სექტორში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შემცირებასთან. ამასთან, 34 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მლნ დოლარი გამოუყო>>

მისი თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ არსებითი გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზეც.

კორონავირუსი ეკონომიკის წინააღმდეგ

საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე გაგრძელდა. ამჟამად შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

ეკონომიკის მინისტრი EBRD-ს პროგნოზს პესიმისტურად მიიჩნევს

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფითი ეკონომიკური ბალანსის პროგნოზს აკეთებენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%-მდე შემცირდება.

ყველაზე პესიმისტური, როგორც საქართველოში მიაჩნიათ, არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 4%-ს მიაღწევს, ინფლაცია კი 4,6% იქნება.

საქართველო იმპორტჩანაცვლებისთვის პერსპექტიულ დარგებს განავითარებს

თუმცა, ამასთან, სსფ-ის პროგნოზი 2021 წლისთვის საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით მოიმატებს, ინფლაცია კი 3,7%-მდე შემცირდება.

საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც სსფ-სგან კრიზისის პერიოდში დახმარებას მიიღებს. სსფ დათანხმდა პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ გაგრძელებას, რაც ნიშნავს საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, ზოგიერთი საერთაშორისო დონორი საქართველოს 2020 წლის ბოლომდე ჯამში 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.