რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალისტების გამოგზავნისთვის საკუთარ პირობებს აყენებს

რუსეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ჩართულობის გარეშე.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რუსეთი მიესალმება ქართული მხარის მზადყოფნას, ორგანიზება გაუწიოს რუსი სპეციალისტების ლუგარის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მიღებას, თუმცა მოითხოვს, რომ ვიზიტი ორმხრივი ხასიათის იყოს, რუს ექსპერტებს კი ნებისმიერ დოკუმენტაციასა და ლაბორატორიის ყველა კორპუსზე წვდომის გარანტია ჰქონდეთ, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში

ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე რუსეთის განცხადებას თბილისში უპასუხეს

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა, როგორც ადრე, მზად არის ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების მიღებისთვის, მაგრამ საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში.

„მივესალმებით ქართული მხარის მზადყოფნას, ორგანიზება გაუწიონ საქართველოში რუსი პროფილური ექსპერტების ჩამოსვლას „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში“, თუმცა შეგახსენებთ, რომ კონვენციაში „არბიტრაჟის“ ერთადერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულება – ჰქონდეთ „ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას ერთმანეთთან კონსულტაცია და თანამშრომლობა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ (V მუხლი) მდგომარეობის შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.   

მოსკოვი კვლავ აღნიშნავს, რომ რუსი ექსპერტების მხრიდან ბიოობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ხედავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება „გარანტია, რომ წვდომა გვექნება ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე (მათ შორის იმ შენობებზე, სადაც ამერიკელი სპეციალისტები არიან) და ასევე ნებისმიერ დოკუმენტაციაზე“. 

რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება

„სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას – უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება. რუსეთის საზღვართან აშშ-ის სამხედრო უწყების ბიოლოგების საქმიანობის რეალური მიმართულებების დაფარვის პიარ-კამპანიაში მონაწილეობას ჩვენ არ მივიღებთ. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა (ჩვენ მზად ვართ გამონაკლისი დავუშვათ ცენტრის მიერ აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლებისთვის) და ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. ქართული მხარისგან ველოდებით ოფიციალურ რეაგირებას 2019 წლის ივნისში გაგზავნილ ნოტაზე შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ქართული ლაბორატორიის ბაზაზე მიმდინარე კვლევებს ფაქტობრივად კურირებას უწევს და აფინანსებს აშშ-ის სამხედრო უწყება და მასთან აფილირებული სტრუქტურები. რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე ტარდებოდა „საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევების გადამტანად მწერების გამოყენების ექსპერიმენტები“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება და მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, რომ შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება. ამ მიზნით საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ მიიღოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი რუსი ექსპერტების მონაწილეობით.