ნავთობპროდუქტების იმპორტი: რატომ შემცირდა საწვავის შემოტანა საქართველოში

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება ქვეყანაში ბოლო ორ თვეში საწვავის მოხმარების შემცირებითაა გამოწვეული.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა – 2020 წლის აპრილში ქვეყანაში 68,5 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოიტანეს, რაც 18,8%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის მარტის მაჩვენებელზე და 20,6%-ით ნაკლები 2019 წლის აპრილის თვის მაჩვენებელზე. ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოში საწვავი შემოდის რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, თურქმენეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან. ნავთობპროდუქტები ქვეყანაში რკინიგზითა და ზღვით შემოდის.

საგარეო ვაჭრობა კორონავირუსის ეპოქაში: საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, რუსეთიდან აპრილში 31,2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 45,5%-ს შეადგენს.

სულ 2020 წლის იანვარი-აპრილის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 312,9 ათასი ტონა, რაც 6,0 ათასი ტონით, ანუ 1,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (318,9 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 32,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8,6 ათასი ტონით, ანუ 21,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 36,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9,2 ათასი ტონით, ანუ 20,2%-ით).

რატომ შემცირდა იმპორტი

ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება საქართველოში გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად საწვავის მოხმარების შემცირებით, განმარტავს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე

„აპრილში თითქმის ორი კვირა იყო შეზღუდული დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, მოქმედებდა კომენდანტის საათი და საღამოს ცხრა საათის შემდეგ ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალული იყო. დიდი ქალაქები ჩაიკეტა - საქალაქთაშორისო კავშირი შეწყდა, მათ შორის, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მოკლედ, COVID-19-ის გამო ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, იმპორტის შემცირება იმდენად თვალშისაცემი არ არის, როგორც მოხმარებისა და გაყიდვების შემცირება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ამ პერიოდში ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, კომპანიებმა შეიძინეს მარაგი, რომელიც ჯერ არ არის რეალიზებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში ეცემა საწვავის ფასი, რაც ნავთობის გაიაფებით არის გამოწვეული. მარტის დასაწყისიდან ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე (ICE Futures Europe) საშუალოდ 55,5%-ით დაეცა.

ვინ და როგორ შეძლებს მუშაობას საქართველოში: წესების და შეზღუდვების სრული ჩამონათვალი>>

„ანუ, რეალურად იმპორტის მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ გაყიდვა და მოხმარება იდენტური იყო. გაყიდვა და მოხმარება კიდევ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე იმპორტი. გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვები გარკვეული სახის ეკონომიკურ საქმიანობაზე ეტაპობრივად იხსნება, ტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში ნაწილობრივ აღდგენილია, გაყიდვებიც მაისიდან მნიშვნელოვნად მოიმატებს“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

საწვავის ფასი

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის აპრილის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 23,4 ათასი ტონა, ანუ 72,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 8,3 ათასი ტონა, ანუ 25,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,4 ათასი ტონა, ანუ 1,2%.

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი გაიაფდა, რა ღირს საწვავი  საქართველოში

დღეს საქართველოში ხუთი  მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომელთაც მთელ ქვეყანაში 600-მდე ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე მცირე და საშუალო კომპანიები, ე.წ. არაბრენდირებული, რომლებსაც ერთად ასევე დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის.

საქართველოში საწვავის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულებასა და ლარის კურსზე.

„პანდემიის დაწყებას ემთხვევა ნავთობის ფასების ვარდნა გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასები Platts-ის მიხედვით. სწორედ ამ პერიოდში – პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში საწვავის ფასები საშუალოდ ყველა სახის პროდუქტზე 60-80 თეთრით შემცირდა“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ პერიოდში ლარი რომ არ გაუფასურებულიყო დოლარის მიმართ, საწვავი გაცილებით უფრო გაიაფდებოდა.

იაფი საწვავი ფერმერებისთვის: როგორ იმუშავებს სქემა>>

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: სუპერის – 2,21-2,70 ლარი; პრემიუმის – 2,07-2,15 ლარი; რეგულარის – 1,92-2,05 ლარი; ევროდიზელის – 2,03-2,14. ლარის კურსი დოლარის მიმართ შეადგენს $1/3,2 ლ.

პროგნოზი

მთვრალაშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ მთლიანობაში ნავთობპროდუქტების იმპორტიცა და მოხმარებაც გაიზრდება, თუმცა საწყის ნიშნულს არ დაუბრუნდება და წინა წლის მაჩვენებელსაც ჯერ ვერ მიაღწევს.

„ტურიზმი ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მოხმარების მთავარი ფაქტორი იყო. ტურიზმი, გამომდინარე იმავე მოვლენებიდან, ალბათ წელს და, განსაკუთრებით, მომდევნო თვეებში, არ აღდგება და მოხმარების ზრდაზეც ვერ მოახდენს გავლენას. თუმცა ჩვენ სხვა ფაქტორები და ინდიკატორებიც გვაქვს, რომლებიც მოხმარებაზე მოქმედებენ“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლისის შუა რიცხვებში ამუშავდება

რაც შეეხება ფასებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფასები გლობალურ ბაზრებზე ბოლო 7–10 დღეა იზრდება და ეს ლოგიკურია, ვინაიდან 1 მაისიდან ძალაში შევიდა OPEC-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ.

„საერთო ჯამში, მსოფლიოში ეკონომიკა, ასე ვთქვათ, იხსნება, გაჩნდა მოთხოვნილება ნავთობზე და ფასებმა მატება დაიწყო. ამ ფონზე ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა – საშუალოდ 3-5 თეთრით ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფასების შემცირებას მომავალში აღარ ველოდებით“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება ფასების ზრდასა და მათ კორექტირებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება მომავალში ნავთობის ფასთან დაკავშირებულ პროცესებზე.