„წელს არანაირი ბანკეტები“ – ეპიდემიოლოგები კურსდამთავრებულებს მიმართავენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში ბანკეტების გამართვა კატეგორიულად მიუღებელია.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი  — Sputnik.  ეპიდემიოლოგები მე–12 კლასელებს, რომელთათვისაც  20 მაისს სასწავლო პროცესი დასრულდა, ტრადიციული ბანკეტებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 

„მშვიდობით, სკოლა!" – დღეს XII კლასელებმა სკოლა დაამთავრეს

წელს, პირველად, საქართველოს სკოლებში „ბოლო ზარი“ კურსდამთავრებულების გარეშე დაირეკა. კორონავირუსის გამო, ამ დღეს მოსწავლეებმა თანაკლასელებსა და პედაგოგებს სკოლის დამთავრება ონლაინ–რეჟიმში მიულოცეს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, პანდემიის პირობებში ბანკეტების გამართვა კატეგორიულად მიუღებელია.

 „წელს არავითარი ბანკეტები. მომავალ წელს, როცა კორონავირუსი დამარცხებული იქნება, ორმაგად აღვნიშნოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ სკოლის დამამთავრებელი წელი – წელი პანდემიის, რის გამოც მათ არ ჰქონდათ არც „ბოლო ზარი“, არც სკოლის ბანკეტი. 

2020 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა

„ამ წლის კურსდამთავრებულები გამონაკლისი იქნებიან და, ალბათ, მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ სწორედ იმ წელს, როცა ისინი სკოლას ამთავრებდნენ, პანდემია იყო და ამის გამო სკოლებში „ბოლო ზარი“  ისე დაირეკა, რომ ისინი იქ არ იყვნენ. ჩვენ მათ წარმატებებს, ბედნიერ ცხოვრებას და მომავალს ვუსურვებთ. ვფიქრობ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველამ, ვინც საჭესთან იყო, ორის ნახევარზე სირენებით მიულოცეს მათ ეს დღე“, – განაცხადა ზახაშვილმა.

კურსდამთავრებულებს წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები და ცხოვრების დიდი გზა ელოდებათ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39,3 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

გამოცდებისთვის უკეთ მომზადების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ აბიტურიენტებისთვის 15 ივნისამდე გაგრძელდება.

განათლების სამინისტრომ სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ასევე დაიწყო პროექტი „ვებსკოლა“, რომელიც 4 ივნისამდე გაგრძელდება.

პროექტი აბიტურიენტებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ფარგლებში პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც ონლაინ-პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად აბიტურიენტები სამ აუცილებელ საგანს აბარებენ. რაც შეეხება 2020 წლიდან გაუქმებულ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდას, აბიტურიენტები მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.