დღესდღეობით მმართველი პარტიის წინააღმდეგ ერთობლივ თამაშს 30-მდე პარტია თამაშობს და შესაშურ ერთობას ავლენს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა.
თუმცა არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, რომელიც კანონის თანახმად, ოფიციალურად კენჭისყრამდე 60 დღით ადრე, ანუ სექტემბრის პირველ რიცხვებში უნდა დაიწყოს, ოპოზიციურ ერთობაში დავის ახალი საბაბი გამოჩნდა.
ახლა ოპოზიციამ, რომელსაც ნებისმიერ ფასად სურს ქვეყნის სათავეში მოსვლა, უნდა გადაწყვიტოს ერთმანდატიან ოლქებში წარსადგენი კანდიდატების საკითხი, კერძოდ, შეარჩიოს ისეთი კანდიდატები, რომლებიც, ერთი მხრივ, ყველა პარტიისთვის მისაღები იქნება და, მეორე მხრივ, არ დააფრთხობს ამომრჩეველს.
იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატების რიცხვი 30-დან 73-მდე უნდა იყოს, რაც არჩევნების სისტემაზეა დამოკიდებული, შიდაპარტიული დიალოგი უკვე დაიწყო.
„ორი კვირის განმავლობაში ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები
ამჟამად, მიუხედავად გარეგნული ერთობისა, ოპოზიციის შიგნით არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც უკვე ღიად განაცხადეს თანამშრომლობაზე უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე.
პირველი ბლოკია - „ძალა ერთობაშია“, რომელშიც შედიან ვაშაძის პარტია „ახალი საქართველო“, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და შვიდი მცირე პარტია. ეს ბლოკი 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდა და ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.
მეორე ბლოკია - პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, შექმნილი „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ. მათაც აქვთ არჩევნებზე თანამშრომლობის გამოცდილება, როდესაც მთაწმინდის ერთმანდატიან ოლქში ადგილის მიღებას ცდილობდნენ.
მესამე ბლოკი ახლახან ჩამოყალიბდა - ის შექმნეს ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“, პარლამენტის ექსსპიკერის დავით უსუფაშვილის პარტიამ „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეების“ პარტიამ.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მოლაპარაკებას აწარმოებენ შესაძლო თანამშრომლობაზე ისეთ ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, ალეკო ელისაშვილის პარტია „სამოქალაქო მოძრაობა“ და სხვები.
ამ ჯგუფების გარდა არსებობენ პარტიები, როგორებიცაა ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“ და კიდევ ათამდე პარტია, რომლებიც ჯერჯერობით სხვა პარტიებთან თანამშრომლობის საკითხს იხილავენ და იდეოლოგიურ მხარდამჭერებს ეძებენ.
არსებობს თუ არა შეთანხმების შანსი
დღესდღეობით, ვიდრე კონსტიტუცია შეიცვლება, უცნობია მთავარი საკითხი - რამდენი კანდიდატი უნდა შეარჩიოს ოპოზიციამ ერთმანდატიან ოლქებში.
საქმე ისაა, რომ არსებული მოდელით პარლამენტში 73 მაჟორიტარი აირჩევა, ახალი სისტემით კი, რომელიც ჯერ პროექტის სახით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს - 30 დეპუტატი.
ამ მომენტისთვის ახალი სისტემის მიღების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო, თუმცა სავარაუდო მაჟორიტარების სახელები უკვე ისმის.
ერთმანდატიან ოლქში კენჭისყრის გეგმებზე უკვე საუბრობენ პრეზიდენტის მიერ ახლახან შეწყალებული „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.
ამასთან, „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ერთმანდატიან ოლქებში კანდიდატების სახით წარადგენენ ცნობილ ადამიანებს, მათი რიცხვი კი დამოკიდებული იქნება საკონსტიტუციო რეფორმის შედეგებზე.
„კონსულტაციები ჯერ მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული რიცხვის დასახელებას ვერ შევძლებ, ეს არაკორექტული იქნება. „ევროპულ საქართველოს“ არა აქვს პრობლემები, რადგან ჩვენ გვყავს ცნობილი ლიდერები და ამიტომ, ვფიქრობ, ოპოზიცია დაგვთანხმდება იმაზე, რომ სწორედ ეს ადამიანები წარვადგინოთ კანდიდატების სახით. მოდით დაველოდოთ კონსულტაციების შედეგებს და, რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაციას, როგორი სისტემა გვექნება - 30 მაჟორიტარით თუ 73-ით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მეორე ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
თუ „ევროპული საქართველო“ და მისი კანდიდატები მეტ-ნაკლებად მისაღები არიან ოპოზიციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების დომინირება ბევრი ოპოზიციური პარტიისთვის დაუშვებელია.
ამის შესახებ უკვე განაცხადა ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც არ შედის გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“. მეტიც, პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“ და „სამოქალაქო მოძრაობამ“ არ გამორიცხეს კოალიციიდან გამოსვლის შესაძლებლობა, თუ ეს მოხდებოდა.
ამასობაში პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ოპოზიცია ერთობას ვერ შეინარჩუნებს.
„მეჩვენება, მათ (ოპოზიციას) ძალიან ჭრელი პუბლიკა ჰყავთ, ასე რომ რთული იქნება თანხმობის მიღწევა. ამიტომ განხეთქილება გარდაუვალია. მათ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ყველა პროცესზე და იდეოლოგიურადაც განსხვავებულად უდგებიან ამ ყველაფერს“, - განუცხადა პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ „Sputnik-საქართველოს“.
ამასთან, მისი თქმით, რაიმე სახის ერთობას მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი თუ შეინარჩუნებს, საყოველთაო ერთობა კი არჩევნებამდე ვერ მიაღწევს.