კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი სოფელ მუშევანიდან თბილისში გადაიყვანეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი გუშინ, ღამით დაუსვეს და დღეს, დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით ვირუსი დაუდასტურდათ, სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

"პირველი არხის" ინფორმაციით, მუშევანში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 54 ადამიანს აღწევს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 160 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 66 უკვე გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

და ისევ ბოლნისი: COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში

„ამ ორი დღის განმავლობაში აღებული ნიმუშებიდან დადებითია რვა შემთხვევა, რვავე ეკუთვნის მუშევანს, ყველა პაციენტი ამ ეტაპისთვის უკვე გადაყვანილია სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში. რაც შეეხება დღევანდელ არსებულ სიტუაციას, მოკვლეულია კონტაქტები, გადამოწმდება, ვის აქვს ტესტი გაკეთებული და ვის არა. თუ არის გამორჩენილი ვინმე, მოხდება მათი ნიმუშების აღება“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.

მისი თქმით, თერმოსკრინინგი უკვე სოფელ ხატისოფელშიც ტარდება.

„უკვე გადის ორი საინკუბაციო პერიოდი და, გარდა თერმოსკრინინგისა, აგრეთვე გვინდა, რომ გვქონდეს PCR-კვლევის შედეგები, რომლის საშუალებითაც მოგვეცემა უფლება, რომ რეკომენდაცია გავცეთ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებაზე, იზოლირებული სოფლების გახსნაზე და თვითონ მუნიციპალიტეტის გახსნაზე“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბოლნისში ბოლო პერიოდში არის უარყოფითი პასუხები კორონავირუსზე, გარდა სოფელ გეტასი და სოფელ მუშევანისა.

ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი კარანტინი იხსნება

მთელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი კარანტინზეა ჩაკეტილი. განსაკუთრებით მკაცრი ზომები მუშევანსა და გეტაში მოქმედებს.

მუნიციპალიტეტში კარანტინის მოქმედება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე - 22 მაისამდე გაგრძელდება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვები ბოლნისში შემდგომშიც დარჩეს ძალაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 475 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 351 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.