ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო ბრალდებულმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ურთიერთდაპირისპირება მწყემსებს შორის - ახმეტაში 47 წლის მამაკაცი მოკლეს

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მთა რაკისის საზაფხულო საძოვარზე ნ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ბ.ბ.-ს დანით გულ-მკერდისა და ზურგის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ს.ბ.-ს ყელში უჭერდა ხელს და ცდილობდა მისთვის გულ-მკერდის არეში დანით დაზიანების მიყენებას.

„დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო დანაშაულის სისრულეში მოყვანა ბრალდებულმა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.ბ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2019 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილით "ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა".

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.