რას წერენ ქართული გაზეთები: შეეხება თუ არა ამნისტია საგანგებო მდგომარეობის დამრღვევებს

როგორ იმოქმედებს პოლიტიკური ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლება პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, შეჩერდა თუ არა კორონავირუსის ეპიდემიის კლების ტენდენცია, ელოდება თუ არა ამნისტია საგანგებო სიტუაციების დამრღვევებს - ქართული პრესის მთავარი თემები.
Sputnik

სერიოზული უკმაყოფილება და იმედგაცრუება გაჩნდა მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ, რაც 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების „ევროპული საქართველოს“ და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერების გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოაქვეყნა.

მათ შეუძლიათ სამაგიერო გადაუხადონ „ქართულ ოცნებას" იმით, რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, წერს გაზეთი „რეზონანსი".

მთავრობის მიზანი: კორონავირუსის დამარცხება და პოლიტიკური გვირგვინის შენარჩუნება

როგორც პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, ძნელი სათქმელია, როდემდე გაჰყვება ქართველ ამომრჩეველს ნიჰილიზმი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვის შემთხვევაში ამომრჩევლის 50%-ზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„დღეს საზოგადოებას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას - განაწყენებულია პოლიტიკურ სპექტრზე, თავის ცხოვრებაზე, არსებობაზე, მსოფლიოზე... მაგრამ რამდენად გაჰყვება ეს ნიჰილიზმი არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია და დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წავა პოლიტიკური პროცესები, შევა თუ არა ცვლილება კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი, ვინ ვისთან გადაჯგუფდება და იქნება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია. შემდეგ - როგორ საარჩევნო კამპანიას წარმართავენ პოლიტიკური ძალები, ვინ რას შეჰპირდება ამომრჩეველს, გამოჩნდება თუ არა საერთოდ ივანიშვილი არჩევნებამდე და ა.შ.“, - განუცხადა ძაბირაძემ „რეზონანსს“.

მისი თქმით, არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი და ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

„თუმცა, ქართველი ამომრჩევლის ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ის არჩევანის წინაშე დგება, წავიდეს თუ არა არჩევნებზე, ის წავა - ასე იყო ყოველთვის. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე ძალიან დაბალი აქტივობა იქნება, ამომრჩევლის 50%-ზე მეტი მაინც მივა არჩევნებზე“, - განაცხადა ძაბირაძემ.

კრიმინალების გათავისუფლება - ღირსების დაკარგვაა

ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ღირსების დაკარგვა უწოდა.

პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ განცხადება 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა - მან განმარტა, რომ „არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რამეთუ... საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“.

კობახიძე: ორი  კრიმინალის შეწყალებისას ზურაბიშვილს ალბათ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა

„მე მიმაჩნია, რომ ეს იყო არასწორი და ქალბატონ სალომეს ეს ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაედგა... უკვე აცხადებენ, რომ თითქოს ეს ხელისუფლებიდან მოდის. მე ასე არ ვფიქრობ. მე მიმაჩნია, რომ ეს მისი (პრეზიდენტის) პირადი არასწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც თქვენ ათავისუფლებთ კრიმინალებს ვინმეს მოთხოვნით, ამას ეწოდება ღირსების დაკარგვა”, - განაცხადა ოთხმეზურმა.

ოთხმეზურის თქმით, პრეზიდენტმა გადადგა არასწორი ნაბიჯი, თუმცა ეს არ იმოქმედებს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ რეიტინგზე.

„ამ პერიოდში „ქართული ოცნების“ რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა და ცხადი გახდა, რომ ეს არის ნამდვილად ეფექტური მთავრობა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე... ბუნებრივია, ეს (შეწყალება) არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს „ნაცების“ რეიტინგის ამაღლებაზე ან „ოცნების“ რეიტინგის შემცირებაზე”, - განაცხადა ოთხმეზურმა.

ეპიდემიის შემცირების ტენდენცია შეწყდა?

2 მაისიდან COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იყო უფრო დიდი, ვიდრე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. 17 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 12-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 6-ით. მსგავსი სიტუაცია გასულ კვირაში ორჯერ განმეორდა.

ტენდენციის ასეთი გაუარესება საშიში არ არის, მიიჩნევს ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე. მისი თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა დიდი რაოდენობით ტესტების ჩატარების ან ასიმპტომური პაციენტებისგან დაინფიცირების შედეგია.

იმნაძე: კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ ერთი წელი მოგვიწევს

„ზოგჯერ გაუარესება ხდება. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ნებისმიერი გრიპის ან ვირუსული ინფექციის დროს თავიდან არის გარკვეული რაოდენობა, შემდეგ იწყება კლება და შემდეგ ვირუსი ვრცელდება არაიმუნურ ადამიანებს შორის. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ასიმპტომური ფორმებიდან გადაედოთ, ან ატიპიური ფორმის კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტები”, - განუცხადა ხმალაძემ გაზეთ „რეზონანსს”.

მისი თქმით, ასე ხდება ხოლმე და ამაში საშიში არაფერია, მთავარია, არ არსებობდეს გარე კლასტერები.

„არ არის გამორიცხული, რომ ეს გამოვლინდეს დიდი რაოდენობით ტესტირების შედეგად - ვინც ეძებს, პოულობს კიდეც. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია - აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების არსებობის შესახებ იციან და მათ დროულად განკურნავენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის მასობრივი გადაცემა არ მოხდეს, რათა კლინიკური ბაზა საკმარისი იყოს ამ ადამიანების სამკურნალოდ”, - განაცხადა ხმალაძემ.

შეეხება თუ არა ამნისტია საგანგებო მდგომარეობის დამრღვევებს?

საქართველოში თითქმის ორი თვეა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ პერიოდის განმავლობაში დაჯარიმდა თითქმის რვა ათასი ადამიანი, მათ შორის ათობით იურიდიული პირი, ხოლო ჯარიმების მთლიანმა რაოდენობამ 23 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდა 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ასევე შესაძლებელია ჯარიმის გასაჩივრება - გამოწერისთანავე ან საგანგებო მდგომარეობის ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

„ეს უსამართლობაა“ – რას ფიქრობს „Sputnik-საქართველოს“ მკითხველი ჯარიმებთან დაკავშირებით

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკვე შეიტანა ონლაინ-სარჩელები სასამართლოში, ნაწილი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ელოდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ლოლაძე აცხადებს, რომ მათ დახმარებისთვის ბევრმა ადამიანმა მიმართა.

„მოქალაქეებს კონსულტაციას ონლაინ-რეჟიმში ვუწევთ. თუ საგანგებო მდგომარეობას 22 მაისს გააუქმებენ, ყველა მომჩივანს სარჩელის სასამართლოში შესატანად 10 დღე ექნება... ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიციამ უკანონოდ დააჯარიმა“, - განუცხადა ლოლაძემ „კვირის პალიტრას“.

შეკითხვაზე, რომ ბევრი ადამიანი ელოდება ამნისტიის გამოცხადებას და საგანგებო მდგომარეობის დამრღვევებს ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ, ადვოკატმა უპასუხა, რომ თუ ეს მოხდება და ჯარიმებს ჩამოწერენ, მნიშვნელოვანია, რა ჩაიწერება კანონში.

„შეიძლება ყველას ჩამოაწერონ, ხოლო ვინც უკვე გადაიხადა ჯარიმა, თანხას დაუბრუნებენ. ან მხოლოდ მათ ჩამოაწერენ, ვისაც გადახდილი არ აქვს. შესაძლებელია დაუწესონ შეღავათები გარკვეულ კატეგორიას, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ან იძულებით გადაადგილებულ პირებს. ჯერ არ ვიცით მთავრობა რას გააკეთებს, ამიტომ ჩვენ მოქალაქეებს ვურჩევთ, სანამ კანონი არავის ავალდებულებს ამ თანხის გადახდას, დაელოდონ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას. თუ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, მათ ექნებათ დრო და მათ ამ დროის განმავლობაში ჯარიმის გადახდა მოეთხოვებათ”, - განმარტა ადვოკატმა.

მასალა მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ და „კვირის პალიტრის“ საფუძველზე