ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიზისის შედეგებთან გამკლავების მიზნით სამეფომ შესაძლოა საფასო ომი გამოაცხადოს გაზის ბაზარზე, როგორც ეს საუდის არაბეთმა გააკეთა ნავთობბაზარზე.
რა საფრთხეები შეიძლება ამან შეუქმნას გაზის კიდევ ერთ უმსხვილეს მომპოვებელსა და მომწოდებელ რუსეთს, სააგენტო РИА Новости მიმოიხილავს.
რთული არჩევანი
წლის დასაწყისიდან ფასები თითქმის ორჯერ დაეცა: ევროპასა და აშშ-ში ცისფერ საწვავს 1999 წლის მინიმუმით ჰყიდიან.
„გაზის ბაზარს არ შეუძლია ჭარბი შეთავაზებისა და თბილი ამინდის ერთდროულად „გადახარშვა“, — ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდა ნიუ-იორკის გაზის ჰეჯ-ფონდ Statar Capital-ის დამაარსებელი რონ ოზერი.
პანდემიამ ახალი დარტყმა მიაყენა მოთხოვნას, რამაც კატარი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
სამეფოს უზარმაზარი დანაკარგები აქვს და მალე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ან წარმოება უნდა შეამციროს, ან საფასო ომი წამოიწყოს მომხმარებლებისთვის დიდი ფასდაკლების შეთავაზების გზით. სხვაგვარად კატარი, მისი საწვავის შედარებით მაღალი ფასების გამო, ბაზრის ნაწილს დაკარგავს და ლიდერობას ავსტრალიას დაუთმობს.
„ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი ექპორტიორი, რომელიც დაბალი მოთხოვნითა და შენახვაზე დიდი ხარჯებითაა დათრგუნული, შესაძლოა მალე ბაზრისთვის ბრძოლაში ჩაერთოს“, — წერს Bloomberg-ი.
ჯერ კიდევ თებერვალში დოჰამ ბუნებრივი გათხევადებული აირის ნაკადი კორონავირუსით შეპყრობილი აზიიდან ევროპისკენ მიმართა, მაგრამ ამან ვერ უშველა. პანდემიამ ბებერი კონტინენტიც მოიცვა და ენერგორესურსების შესყიდვები იქაც მკვეთრად დაეცა.
კატარისთვის ერთ-ერთ ვარიანტად რჩება წარმოების შემცირება, მაგრამ ეს მისი ყველა ამბიციური გეგმის კრახს ნიშნავს. გასული წლის იანვარში სამეფომ განაცხადა, რომ OPEC-დან გადიოდა სწორედ იმ მიზნით, რომ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე კონცენტრირებულიყო. ქვეყანა 2024 წლისთვის მიწოდებების გაზრდას გეგმავდა 77-დან 110 მლნ ტონამდე, ხოლო 2027 წელს 126 მლნ ტონამდე აპირებდა გაზრდას.
როგორც მაშინ აცხადებდა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი საად ბენ შრიდ ალ-ქააბი, ამისთვის ყველა რესურსი არსებობდა. გარდა ამისა, კატარი გეგმავს 2024 წლისთვის ოთხი საწარმოო ხაზი აამუშავოს გაზის გათხევადებისთვის.
„ექსპორტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლებს აკლებს და ავსტრალიას ნამდვილად შეუძლია კატარის შევიწროება“, — აღნიშნავს Bloomberg-ი.
თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სამეფოს საბოლოოდ მაინც მოუწევს მადის შეზღუდვა.
„გაზმატარებლების დეფიციტი, რაც ფრახტის კურსს ზრდის, 2018 წლიდან შეინიშნება. და ახლა კატარი შესაძლოა მათ უკმარისობას შეეჯახოს. ასეთ ვითარებაში კატარის მიერ ფასების დაკლება გათხევადებულ ბუნებრივ აირზე გაძვირებას გამოიწვევს, ვინაიდან მათში ხომალდების იჯარის ფასიცაა გათვლილი“, — განმარტავს დამოუკიდებელი სამრეწველო ექსპერტი ალექსეი ხაზანოვი.
თუ კატარი მაინც წამოიწყებს საფასო ომს, კოტირებები შესაძლოა უარყოფითი ნიშნულებისკენ წავიდეს, როგორც ეს ნავთობთან დაკავშირებით მოხდა აპრილში. თუმცა მთავარი უსიამოვნება ისაა, რომ მოპოვება არარენტაბელური გახდება წარმოების დაბალი თვითღირებულების პირობებშიც კი.
ვინ წააგებს
ექსპერტები ხაზს უსვამენ: კატარის მცდელობა, წავიდეს გათხევადებულ აირზე ფასების უპრეცედენტო კლებაზე, უარყოფითად იმოქმედებს უამისოდაც ჭარბად გაჯერებულ გლობალურ ბაზარზე. თუმცა რუსეთი სხვებზე ნაკლებად დაზარალდება.
„გათხევადებული ბუნებრივი აირის როლი რუსეთის მიწოდებებში შედარებით მცირეა. რაც შეეხება მილსადენის გაზს, მისი ექსპორტირება გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე ხდება და მასზე უარის თქმა დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს. ამიტომ ნაადრევია საუბარი მოსალოდნელ კატასტროფაზე რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად ნახშირწყალბადების გაყიდვით ფორმირდება“, — დარწმუნებულია ხაზანოვი.
ეკონომისტის განმარტებით, კატარს გაზის ექსპორტით რუსეთის შემოსავლების ჩამოშლა იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ქვეყანა გაზსადენს ააგებდა თურქეთისკენ და იქ პროექტ Nabucco-ს შეუერთდებოდა, როგორც ამას XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ვარაუდობდნენ. მაგრამ პროექტს ხელი შეუშალა კატარსა და საუდის არაბეთს შორის დაპირისპირებამ და ასევე სამოქალაქო ომმა სირიაში, რის შემდეგაც Nabucco-მ ადგილი „თურქულ ნაკადს“ დაუთმო.
ექსპერტის თქმით, კატარის ნაბიჯებით უპირველესად ამერიკელები დაზარალდებიან, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას საკუთარ გათხევადებულ ბუნებრივ აირს ევროპის ქვეყნებში. ხაზანოვს მიაჩნია, რომ ამ სტრატეგიამ აშშ ჩიხში შეიყვანა, ვინაიდან ევროპელი მომხმარებლებისთვის ბევრად მომგებიანია რუსეთისგან შეიძინონ ბუნებრივი აირი, ვიდრე ოეკანის გაღმიდან მიიღონ ძვირადღირებული ნედლეული.