ელჩი: იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველთა რიცხვი შემცირდა

იტალიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა უმჯობესდება – 18 მაისიდან იხსნება არაერთი საწარმო და მაღაზია. მოქალაქეები სამუშაოს უბრუნდებიან.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. იტალიიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველი თანამემამულეების რაოდენობა შემცირდა, განაცხადა იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. 

ისრაელი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომლისთვისაც საქართველო საზღვრებს გახსნის

„22 მაისისთვის კიდევ ერთი სპეცრეისი დაინიშნა, რომელზე მოთხოვნაც საგრძნობლად შემცირდა. თუ ადრე ათასზე მეტი მსურველი იყო, დღეს 200 ადამიანზე ნაკლებია“, – განაცხადა სურგულაძემ ტელეკომპანია Imedi-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

დიპლომატის სიტყვებით, მოთხოვნის კლება იტალიაში მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება – 18 მაისიდან იხსნება არაერთი საწარმო და მაღაზია. მოქალაქეები სამუშაოს უბრუნდებიან.

„ბევრმა ქართველმაც დაიწყო მუშაობა და, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ ის პრობლემები, რაც ადრე ჰქონდათ. ბევრად ნაკლები ადამიანი მოგვმართავს დახმარებისთვის. ის დადებითი ტენდენცია, რაც იტალიაში პანდემიას უკავშირდება, აისახება ქართველებზეც", - აცხადებს ელჩი.

ელჩის სიტყვებით, ჯერჯერობით რთულია პროგნოზი, ტურისტებისთვის როდის იქნება შესაძლებელი იტალიაში მოგზაურობა.

„შიდა ტურიზმი, ალბათ, მალე გაიხსნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, თუ როგორი უნდა იყოს ერთიანი მიდგომა ტურიზმთან დაკავშირებით. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის იქნება შესაძლებელი იტალიაში ტურისტულად მოგზაურობა“, – განაცხადა სურგულაძემ.

დიპლომატის თქმით, დღეს იტალიაში სიტუაცია საერთო ჯამში გაუმჯობესებულია – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 223 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 31 ათასზე მეტი, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე იკლებს. 

ეკონომიკის სამინისტრო: 20-ზე მეტი ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს განაახლებს

15 მაისის მონაცემებით, სააქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 11 046 თანამემამულე დაბრუნდა,  საელჩოებმა ადგილზე დახმარება 20 302 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში. 

უწყების ცნობით, 15 მაისს ამსტერდამიდან განხორციელდება ჩარტერული რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნებას ის თანამემამულეებიც შეძლებენ, რომლებიც ამ პერიოდში აშშ-ში იმყოფებოდნენ – სტუდენტები, სამხედროები, ტურისტები და ასაკოვანი ადამიანები.

უახლოეს დღეებში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ასეთია: 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

„საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთსა და იტალიაში ამანათების მიწოდება განაახლა>>>

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო. თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიაფრენები შეაჩერა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კრონავირუსის 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 393 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 404 პაციენტია.