ინვესტიციები კორონავირუსის მიუხედავად: იწყება ფოთის პორტის გაფართოება

საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ფოთის პორტის განვითარებით, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვანი საზღვაო კარიბჭეა, განაცხადა პრემიერმა
Sputnik

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. კორონავირუსის მიუხედავად საქართველოში შემოდის უცხოური ინვესტიციები და ამის თვალსაჩინო მაგალითია 30 მილიონი დოლარი, რომელიც ფოთის პორტის ტერმინალის რეკონსტრუქციას მოხმარდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

კომპანია PACE Group-მა, რომელიც ფოთის პორტის რვა ტერმინალის ექსპლუატაციას უზრუნველყოფს, 30 მილიონი დოლარის ოდენობით პირველი ტრანში მიიღო ახალი პროექტის განხორციელებისთვის, რომლის საერთო ღირებულება 93 მილიონი დოლარია.

საქართველო სულ უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს

პროექტი გულისხმობს 25 ჰექტარის ფართობზე ახალი ტერმინალის მშენებლობას 650 მეტრის სიგრძის ნავსადგომით. აკვატორიის სიღრმე 12 მეტრამდე გაიზრდება, რაც 50 ათას ტონამდე წყალტევადობის გემების მიღების საშუალებას იძლევა. ტერმინალის გამტარუნარიანობა 2,5 მილიონ ტონა მშრალ ტვირთს და 100 ათას TEU-ს შეადგენს.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ - ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი და უკვე გადმოირიცხა 30 მილიონი დოლარი. პროექტის სრული ღირებულება 93 მილიონი დოლარია. რეალურად, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ფოთის პორტის განვითარებით, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვანი საზღვაო კარიბჭეა.

საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა >>

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავ ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფოთის პორტის გაფართოება

ტერმინალის რეკონსტრუქციის გარდა, ფოთის პორტის მფლობელმა კომპანია APM Terminals Poti-მ მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი ანაკლიის აშენებამდე გახდება

კომპანიას ფოთის ნავსადგურის გაფართოება სურს, რათა საქართველოს გააჩნდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც Panamax-ის ტიპის გემებს მოემსახურება.

APM Terminals Poti პროექტის განხორციელებას 24-30 თვეში გეგმავს. ის ორი ფაზისგან შედგება.

პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების  და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.

მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.

შეხვედრები გრძელდება: საქართველოს პრემიერი დავოსში >>

კომპანია მშრალი ტვირთების ოპერირებას გეგმავს. ეს იქნება რკინის ჯართი მთელი რეგიონიდან, სასუქი, ასევე მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.