ბავშვის უფლებათა კოდექსი საქართველოში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

კოდექსი შემუშავებულია ქართველი კანონმდებლების მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად და მისი მთავარი ამოცანაა ბავშვთა უფლებების დაცვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. "ბავშვის უფლებათა კოდექსი", რომელზეც ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მუშაობდა, 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტის ბიურომ.

პარლამენტმა "ბავშვის უფლებათა კოდექსი" 2019 წლის სექტემბერში მიიღო. მისი გადავადების გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარებითაა ნაკარნახევი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის სიტყვებით, დასავლელ პარტნიორებთან და დონორებთან ონლაინ-კონსულტაციები და ტრენინგები მიმდინარეობდა. თუმცა, ვერ მოხერხდა პრაქტიკული ნაწილის ხორცშესხმა, ვინაიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო სოციალური დისტანციის წესები მოქმედებს. 

UNICEF: ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული

„პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩათვლით, მზად იყო იმისთვის, რომ კოდექსი 1 ივნისიდან ამოქმედებულიყო. როგორ მოგეხსენებათ, კოდექსის მთავარი მიდგომა ის არის, რომ ბავშვებთან იმუშაონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აუცილებელი ცოდნა და ჩვევები აქვთ“, - აღნიშნა კილაძემ.

კოდექსის მიღების მნიშვნელობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ბიურომ განიხილა კოდექსში ცვლილებების მეტად მნიშვნელოვანი პაკეტი.

„ბავშვის უფლებათა კოდექსში" ცვლილებები - ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია. ის შემუშავებულია ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ სხვა მხარეებთან ერთად და მისი ამოქმედება ახლა იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გრაფიკში ცვლილებების შეტანა მოგვიხდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ახალი კოდექსის ავტორების ამოცანაა ბავშვთა უფლებების დაცვის ერთიანი სტრატეგიისა და მათზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.

კოდექსის ფარგლებში 10 პროგრამა შეიქმნა:

ბავშვისა და ოჯახის დაცვის პროგრამა

პროგრამა მოიცავს კრიზისულ სიტუაციებში ოჯახების ფინანსურ დახმარებას, მშობლებისთვის დასაქმებისა და გადამზადების შესაძლებლობის შეთავაზებას შემდგომი დასაქმების მიზნით. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს შესაბამის სკოლებთან კოორდინაციის გზით ბავშვების დახმარებას გამოტოვებული სასწავლო პროგრამების ასანაზღაურებლად, ასევე ბავშვების ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამასა თუ ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებში.

მშობელთა კონსულტაციის პროგრამა 

რამდენად საზიანოა გაჯეტები პანდემიისას - მედიკოსების რჩევები და დედების პირადი გამოცდილება

პროგრამა ითვალისწინებს კონსულტაციას მშობლებისთვის ორსულობის პერიოდსა და ბავშვის დაბადების პირველ წელს ოჯახური თანაცხოვრების, ბავშვის ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე. ასევე ფსიქოლოგის მომსახურებას კონფლიქტური სიტუაციების გადასაწყვეტი უნარების გასავითარებლად როგორც მეუღლეებს შორის, ისე ბავშვების მიმართ. პროგრამის ფარგლებში მშობლებს კონსულტაციას გაუწევენ ოჯახური ძალადობის საკითხებზე.

ძალადობისგან ბავშვების დაცვის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო და ფსიქოსოციალური კონსულტაციებისა და თერაპიის კურსებს, რომლებიც მიმართულია ძალადობის პრევენციისკენ, მოძალადეების ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლისკენ და ძალადობრივი ქცევის მიზეზების აღმოფხვრისკენ.

ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ პრევენციულ, საკონსულტაციო ღონისძიებებს, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას და იმუნიზაციას; მოიცავს სოციალური საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის ინსტრუმენტებს, ასევე მსხვერპლთა და დანაშაულის მოწმე ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს.

ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამა 

ბავშვთა უფლებებს საქართველოში ახალი კოდექსი დაიცავს

ითვალისწინებს ბავშვების განათლების მხარდამჭერ ფორმალურ და არაფორმალურ კურსებსა და სემინარებს. პროგრამის მიზანია - მშობლიური ენისადმი და ეროვნული ტრადიციული და კულტურული ფასეულობებისადმი, ასევე სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციისადმი ბავშვის პატივისცემის გრძნობის გაღვივება. ბავშვის პიროვნების, ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, არაძალადობრივი კომუნიკაციის ჩვევების განვითარება.

სოციალური აქტივობის პროგრამა

ითვალისწინებს მიმართულებას, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტული და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას. ასევე საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებს, ბავშვების დასვენების, კულტურულ და მხატვრულ პროგრამებს.

ბავშვთა მოხალისეობის პროგრამა

ითვალისწინებს ბავშვის ნებაყოფლობით ჩართვას უსასყიდლო საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში. პროგრამის მიზანია - გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის ფორმირება, ასევე საზოგადოების წინაშე სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი 

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდი სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევებს კვლავ მხარს დაუჭერს

გულისხმობს ბენეფიციართა უზრუნველყოფას კვებით, ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით თავშესაფარში ყოფნის პერიოდში, ასევე დახმარებას პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში. აუცილებლობის შემთხვევაში - ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო დახმარებასა და ფსიქოლოგის მომსახურებას.

ოჯახის დახმარების დღის ცენტრი

პროგრამის თანახმად, დღის ცენტრში ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით. მათ დაეხმარებიან პირადი ჩვევების ჩამოყალიბებაში. ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებაში. აუცილებლობის შემთხვევაში კი მათ აღმოუჩენენ ამბულატორიულ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

სპორტული აქტივობის პროგრამა

პროგრამის მიზანია - ბავშვების ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით.