COVID-19 - ბოლო ცნობები

პოლონეთში რესტორნებისა და სილამაზის სალონების გახსნა იგეგმება

ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით შეწყვეტილია საერთაშორისო საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლა, არ მუშაობს საბავშვო ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, გასართობი დაწესებულებები
Sputnik

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. 18 მაისიდან პოლონეთში სილამაზის სალონებისა და რესტორნების გახსნა იგეგმება. ამ დაწესებულებების მუშაობის განახლება ეპიდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვების გაუქმების პროგრამაში შედის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„18 მაისიდან კვლავ ამუშავდება კოსმეტიკური და საპარიკმახერო დაწესებულებები“, - განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ მუშაობის განახლებას ისინი მკაცრი სანიტარული ზომების დაცვის პირობით შეძლებენ.

„ნაწილობრივ გაიხსნება ასევე რესტორნები, ბარები, კაფეები, მაგრამ ასევე სანიტარული ნორმების დაცვის პირობით“, - დასძინა მან.

ევროპა იხსნება: როგორ გამოიყურება ძველი სამყაროს ქალაქები საკარანტინო ზომების შემდეგ

პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 17 062-ს მიაღწია, გარდაიცვალა 847 ადამიანი.

პოლონეთში პანდემიასთან დაკავშირებით ეპიდემიის რეჟიმი მოქმედებს: შეწყვეტილია საერთაშორისო საავიაციო და სარკინიგზო კავშირი, არ მუშაობენ ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, გასართობი დაწესებულებები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საპარიკმახეროები და მანიკურის სალონები.

პოლონეთში თვენახევრიანი შესვენების შემდეგ 4 მაისიდან სავაჭრო ცენტრების გახსნა გადაწყდა.