COVID-19-ით ინფიცირებული ლარი და მძიმე პაციენტის პერსპექტივა

კორონავირუსი უკან იხევს. ლარი გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებს. ემუქრება თუ არა საფრთხე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, რა წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში და რაზე მიგვანიშნებენ ექსპერტ-ანალიტიკოსები?
Sputnik

სამსონ ხონელი

საკამათო არ არის, ბოლო პერიოდის სტატისტიკა საგანგაშო აღარ არის, მეტიც, იმედის მომცემია. რას გულისხმობ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ: COVID-19 უკან იხევს! უკვე რამდენიმე დღეა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მკვეთრად მზარდია. ეს დადებითი ტენდენცია ჩვენში განსაკუთრებით გამოიკვეთა. კი, ნამდვილად ასეა, თუმცა კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე საგრძნობია − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება.

არშემდგარი „ეკონომიკური აპოკალიფსი“ და გამარტივებული თამაშის წესები

პირველი, რაც მახსენდება, ეროვნული ვალუტის კურსია. ორ თვეზე მეტია, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში სამიან ნიშნულს გასცდა და ჯერ ისეთი პირი უჩანს, ნაკლებად სავარაუდოა „მწვერვალიდან“ დაეშვას. არადა, დაახლოებით ოციოდე დღეში საბანკო ვალდებულებათა გადავადების სამთვიანი ვადა ამოიწურება და ყველა ის მსესხებელი, რომელსაც კრედიტი ამერიკულ დოლარში აქვს, საკუთარ ჯიბეზე მთელი თავისი „სიდიადით“ შეიგრძნობს ლარის საგაზაფხულო ამბიციების შედეგს.

აქვე დავძენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკურ პროცესებზეც უარყოფითად აისახება, რაც საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის ტემპს შეაფერხებს. ერთი სიტყვით, ვითარება რთულია და, როგორც გაირკვა, ლარის გაუფასურება შეშფოთებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებშიც იწვევს...

„ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს“, − აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. იქვეა რეკომენდაციაც: „მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციის მოლოდინების შესაბამისად წარიმართოს... სწორედ ამიტომ ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა და კაპიტალური ბუფერების გამოთავისუფლება ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა”.

„ოცნების“ მაშველი რგოლი და ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგო „ვაქცინა“...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში აღნიშნულ მოსაზრებებს ამერიკაში მცხოვრები ანალიტიკოსი თემურ ბასილია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს დიპლომატიურ ენაზე დაწერილი ტექსტია პრობლემაზე, რომელზეც ის უკვე წლებია ამახვილებს ყურადღებას. „რომ განვმარტო რას ნიშნავს ეს: ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება და მანიპულაციები დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას. ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბანკებს არა აქვთ ლიკვიდობა; ანუ, კომერციულ ბანკებს არა აქვთ მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული. რატომ არა აქვთ ბანკებს მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემას ყველა არიდებს თავს“, – წერს თემურ ბასილია.

მისი შეფასებით, COVID-19-ის პრობლემების შესამსუბუქებლად მიღებული საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილის ბანკებისთვის მიცემა სერიოზული შეცდომა იქნება. „ეს იმის გამეორება იქნება, რაც მიხეილ სააკაშვილის დროს გააკეთეს, როდესაც ცხინვალის ავანტიურის შემდეგ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ნაწილი კომერციულ ბანკებს მისცეს. სინამდვილეში ეს არ არის ბანკების დახმარება, ეს არის კომერციული ბანკების პრობლემების დროში გაწელვა და მათი კიდევ უფრო გაღრმავება. ეს პრობლემა სხვაგვარად შეიძლება მოწესრიგდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ამისთვის არავინ არის მზად“, − დასძენს თემურ ბასილია.

ანალიტიკურ წრეებში კობა გვენეტაძის უწყების პოლიტიკას ბოლო დროს სულ უფრო ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მათ შორის არის ექსპერტი ლია ელიავა, რომელიც აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ხელს არ უწყობს ლარის სტაბილურობას და, შესაბამისად, ის ვერ აკონტროლებს ფასების დონეს, რაც მას პირდაპირ კანონმდებლობით ევალება. შედეგად - ეროვნული ბანკი აზარალებს ეკონომიკას, ბიზნეს-პროცესებს და მოსახლეობის კეთილდღეობას.

COVID-19... მკაცრი შეზღუდვები და ეკონომიკური კრიზისის კონტურები...   

„ჩვენ ღია ტიპის ეკონომიკა გვაქვს. აქ სავალუტო კონტროლი არ არსებობს. ეროვნული ბანკი თავს არ იწუხებს ეროვნული ვალუტის კურსზე ზრუნვით. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ. მთავარია, რომ ეს კურსი სტაბილური იყოს! სწორედ სტაბილურობის განცდა და მოკლე თუ საშუალო ვადის პროგნოზირება განაპირბობებს ბიზნესისა და ფიზიკური პირის სამომავლო გეგმების რეალიზების საშუალებას“, − აცხადებს ლია ელიავა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს უზარმაზარი ფუნქცია და როლი აკისრია ეკონომიკაში. ბევრად უფრო დიდი, ვიდრე მთავრობას. ეკონომიკას მართავს ეროვნული ბანკი. დღეს კი კობა გვენეტაძის უწყება კრიჭაში უდგას მთავრობას, ეკონომიკას სისტემატურად აყენებს დარტყმებს, ბიზნეს-შოკებს ამ რყევებით, ლარის არასტაბილურობით და ინფლაციის მაჩვენებლის ზრდით. ამ ვითარებაში კი, ბუნებრივია, ბიზნესმენები ვეღარ საზღვრავენ მათი საქმიანობის პერსპექტივას.

რატომ ერჩის COVID-19 ლარს და მოუსწრებს თუ არა „ვაქცინა“ ეროვნულ ვალუტას?

ექსპერტის აზრით, მიმდინარე მოვლენების 2008-2009 წლების ფინანსურ კრიზისთან შედარება არასწორია. „პარალელს არ გავავლებდი. მაშინ სამხედრო კონფლიქტის ფონზე ხელოვნურად იყო შექმნილი საბანკო კრიზისი, ანუ კომერციული ბანკები ხელოვნურად დაიკეტა. ბუნებრივია, ამ ფონზე ლარს პრობლემა შეექმნა. არა, ახლა აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში ლარის კურსის ვარდნა განპირობებულია ქვეყნიდან კაპიტალის გადინებით. იქნება ეს კაპიტალი გასული იმპორტის დასაფინანსებლად თუ ეს იქნება ნებისმიერ ბიზნესმენის მიერ გადარიცხული 20-30 მილიონი“, − განაცხადა ლია ელიავამ და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს უცხოეთიდან მკვეთრად შემცირდა ფულადი გადმორიცხვები. მისივე შეფასებით, სწორედ ეს სავალუტო შემოდინებები ასაზრდოებდა კომერციულ ბანკებს.

არახალია, რომ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ეროვნული ვალუტის კურსზე პირდაპირ აისახება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 24-ე ადგილზეა და ეკონომიკის 11.6 პროცენტს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აკმაყოფილებს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ახლა, იმ ვითარებაში, როცა COVID-19-ის პანდემიის გამოისობით გადმორიცხვები მცირდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილები უკვე 9 პროცენტით შემცირდა. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მთელი წლის განმავლობაში დანაკარგი რამდენიმე ასეული მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.

მსოფლიო ეკონომიკის კორონიზაცია და ჩვენებური ვარაუდები

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი ფულადი გზავნილების შემცირებას მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს და ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს იმ ჯგუფების დაცვა, რომლებიც პანდემიამ შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირების რისკის წინაშე დააყენა. „ფულადი გზავნილები ოჯახებს ეხმარება სურსათზე, ჯანდაცვაზე წვდომაში და ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. რამდენადაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს სწრაფ და ფართო ღონისძიებებს ქვეყნების მხარდასაჭერად, ჩვენ ვმუშაობთ ფულადი გზავნილების არხების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და ღარიბი ფენებისთვის ძირითად საჭიროებებზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

არადა, 2016 წლიდან მოყოლებული ფულადი გზავნილების შემოდინება ჩვენში იზრდებოდა და უკანასკნელ წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტსაც გადააჭარბა. უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები ჩვენი მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო. გასულ წელს შინამეურნეობების 20 პროცენტი ფულად შემოსავალს უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან იღებდა. ახლა კორონავირუსის პანდემია ფულადი გზავნილების შემოდინების პროცესზე ნეგატიურად აისახება. ის ძირითადი ქვეყნები, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ფულად გზავნილებს იღებდნენ, კრიზისის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ არიან. ეს ქვეყნებია იტალია, რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები. ანალიტიკოსთა პროგნოზით, უახლოეს მომავალში პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის მიწურულის, კრიზისის წინა პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდეს...  

ემუქრება თუ არა კორონავირუსი ლარს, ანუ ბუნდოვანი პერსპექტივა

საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, წლის განმავლობაში გზავნილები დაახლოებით 10 პროცენტით შემცირდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფულადი ნაკადების შემცირება მოსალოდნელია არა მხოლოდ ჩვენში, არამედ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა სხვა რეგიონში. ევროპასა და ცენტრალურ აზიაში − 27.5 პროცენტით, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში − 23.1 პროცენტით, სამხრეთ აზიაში − 22.1 პროცენტით, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში − 19.6 პროცენტით, ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში − 19.3 პროცენტით და აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში − 13 პროცენტით. დიდი ვერაფერი ნუგეშია, მაგრამ ხომ ფაქტია, საქართველოში ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირების საპროგნოზო მაჩვენებელი აქ მოყვანილ სხვა მონაცემებს აშკარად ჩამოუვარდება... და, ბოლოს, საკამათო არ არის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის საზღვრების პროგნოზირება შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, როდესაც ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება და ბიზნესიც დაიქოქება. არახალია, ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი პარამეტრი ტურისტული ნაკადების მოცულობა იქნება.