თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ესპანეთის სამეცნიერო კვლევათა უმაღლესი საბჭოს (CSIC) სწავლულებმა გაარკვიეს, შესაძლებელია თუ არა კორონავირუს SARS-CoV-2–ით ინფიცირება ზღვაში თუ აუზებში ბანაობისას, პლაჟზე ყოფნისას ან სპა–სალონებში ვიზიტისას.
ესპანელი მეცნიერების კვლევა, რომელიც დღეისათვის არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას ეფუძნება, ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული.
ესპანელი სწავლულების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აუზებსა და სპა–ცენტრებში ხშირად გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებები, კორონავირუსით ინფიცირების რისკი მინიმალურია.
ამასთან აღინიშნება, რომ ვირუსი ასევე ვერ იქნება გადამდები საუნებსა და ორთქლის აბანოებში, ვინაიდან SARS-CoV-2–ს მაღალ ტემპერატურაზე (> 60 ° C) სიცოცხლის უნარი უქვეითდება.
რაც შეეხება ზღვის წყალს, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არ არსებობს მონაცემები მასში SARS-CoV-2–ის მედეგობის შესახებ, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მასში შემავალი მარილი და განზავების ეფექტი ხელს შეუწყობს ვირუსული დატვირთვის შემცირებას და მის დეაქტივაციას.
ესპანელი მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ვირუს SARS-CoV-2–ის სიცოცხლისუნარიანობა მტკნარი ტბებისა და მდინარეების წყალში უფრო მაღალია, ვიდრე საცურაო აუზებსა და ზოგადად მარილიან წყალში.
კორონავირუსი ფსიქიკურ გართულებებს იწვევს: სამეცნიერო კვლევა>>
სწავლულები აღნიშნავენ, რომ შფოთვას იწვევს ზღვებისა თუ მდინარეების ქვიშიან პლაჟებში ვირუსის არსებობის რისკები, ვინაიდან ამ კუთხით ექსპერიმენტული კვლევები ჯერჯერობით არ არის ჩატარებული. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ზღვის მარილიანი წყალი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება და მაღალი ტემპერატურა ხელს უნდა უწყობდეს ქვიშაში პათოგენების დეაქტივაციას.