თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველო მზად არის უსაფრთხოების ზომების დაცვით რუს ტურისტებს უმასპინძლოს, განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს, რითიც უპასუხა შეკითხვას, რამდენად უსაფრთხო იქნება რუსეთიდან ივლისში ტურისტების მიღება.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსი ტურისტები საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ.
„ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთხო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთოება დაცული იყოს როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე დამხვედრი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის, მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა.
21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 275, გარდაიცვალა 9 პაციენტი.