თბილისი, 2 მაისი - Sputnik. სექტემბრამდე სწავლის აღდგენის საკითხი დღეს არ განიხილება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
„ჩვენთან ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად ერთ ოჯახში ფაქტობრივად რამდენიმე თაობა ცხოვრობს, სკოლაში თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სექტემბრამდე სწავლის აღდგენის საკითხი დღეს არ განიხილება.
„რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფიზიკურად მხოლოდ ისეთი სწავლების დაშვება, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან, მაგალითად ლაბორატორიულ კვლევებთან. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ისეთი ტიპის სწავლება, რომელიც კვლევებში ფიზიკური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია“, -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სკოლებში სწავლა 1 სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა არც აკადემიური წლის გამოცხადება იგეგმება.
საქართველოს განათლების სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამის ათვისების დისტანციურად დახმარების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის.