COVID-19 - ბოლო ცნობები

თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფო დახმარების მისაღებად 21 მაისს დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტრო თვითდასაქმებულების რეგისტრაციისთვის სპეციალურ პორტალს ქმნის. მისი მისამართი, ისევე, როგორც შრომითი საქმიანობის შესახებ აუცილებელი მონაცემების ჩამონათვალი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს თვითდასაქმებული მოქალაქეების რეგისტრაცია სახელმწიფოს დახმარების მისაღებად სპეციალურ ვებ-გვერდზე 21 მაისიდან დაიწყება – სპეციალური ონლაინ-პლატფორმის შექმნა უკვე დაიწყო, იუწყება პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადასალახად მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, ქვეყნის თვითდასაქმებული მოქალაქეები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

საქართველოში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო>>

ამისათვის თვითდასაქმებულები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე და ჩატვირთონ საჭირო დოკუმენტები. პროცედურა 1 ივნისამდე გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში გადაუხდის

დაწვრილებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტებია საჭირო თვითდასაქმებულებისთვის და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა აუცილებელი ერთჯერადი დახმარების მისაღებად, უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ პროცედურა მარტივი იქნება და დახმარების დანიშვნა ნებისმიერი ტიპის დასაბუთებაზე იქნება დამოკიდებული (მაგალითად, საბანკო ანგარიშზე ან სხვა იურიდიულ დოკუმენტზე), რომელიც დაადასტურებს, რომ თვითდასაქმებულმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავალი დაკარგა.

თვითდასაქმებულების იდენტიფიკაციას სოციალური აგენტები მოახდენენ, რის შემდეგაც ისინი 300 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ბიუჯეტიდან ამისთვის 75 მლნ ლარია გამოყოფილი.

მომავალი წლიდან საქართველოს მთავრობა პენსიების გაზრდას გეგმავს

ანტიკრიზისული გეგმა ასევე ითვალისწინებს მათ დახმარებას, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან. საუბარია 350 ათას მოქალაქეზე, რომლებიც ოფიციალურად მუშაობენ. ისინი ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამისთვის ბიუჯეტიდან 460 მლნ ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, სახელმწიფო დაეხმარება სოციალურად დაუცველებსაც. ის ოჯახები, რომლებმაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა მიიღეს, ნახევარი წლის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

ასეთივე დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავთ და მათი სარეიტინგო ქულა 100 ათასზე ნაკლებია, ასევე აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

შეზღუდვების მოხსნა: ეტაპები და ვადები>>

ამ სახის სოციალური დახმარებისთვის ბიუჯეტში 83 მლნ ლარია გათვალისწინებული.