COVID-19 - ბოლო ცნობები

შეძლეს გადარჩენა და გადაწყობა: როგორ მუშაობენ ქართული კომპანიები პანდემიის პირობებში

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა აიძულა, გადაეხედა პრიორიტეტებისთვის, რომლებიც მათ ეკონომიკური რყევების მინიმალური ზარალით გადალახვაში დაეხმარება
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ბევრმა კომპანიამ, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუშაობს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ დროულად გადაწყობაც შეძლო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქვეყანაში. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ისახავს მიზნად. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იმავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, გამიზნული ბიზნესსექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

საქართველოში პირბადეებს ცხრა საწარმოში კერავენ

პროგრამა ბიზნესმენებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე წელიწადში დახმარება აღმოუჩინეს 500 საწარმოს, 350-მდე მცირე სასტუმროს, 6,2 ათასზე მეტმა ოჯახმა მთელ ქვეყანაში მცირე გრანტები მიიღო და ოჯახური ბიზნესის წამოწყება შეძლო.

„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ აღნიშნული პროგრამა ეფექტიანია, რადგან მის ფარგლებში ამოქმედებულმა ძალიან ბევრმა ბიზნესმა  კრიზისულ პერიოდში შეძლო არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ გადაწყობა და ისეთი პროდუქტების წარმოების დაწყება, რაც დღეს ყველაზე მოთხოვნადია – პირბადეები, სამედიცინო კომბინიზონები, სადეზინფექციო ხსნარები თუ სხვა“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

დამცავი პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტის წარმოქმნისთანავე ეკონომიკის სამინისტრომ სხვა სამთავრობო უწყებებთან და კერძო სექტორთან ერთად რეკორდულად მოკლე დროში მოახერხა მათი ადგილობრივი წარმოების ორგანიზება. დღეს დამცავ პირბადეებს ქვეყანაში კერავს ცხრა საწარმო. ერთი ექსპორტზეც მუშაობს.

თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დააჯარიმეს

„ამ პროდუქციის დეფიციტი შეიქმნა გიგანტ სახელმწიფოებში, ჩვენზე გაცილებით უფრო მდიდარ სახელმწიფოებში და ჩვენ ეს არ ვაგრძნობინეთ ქართველ ხალხს, რადგან გვაქვს საწარმოები, რომლებიც ძალიან აქტიურად რეაგირებენ ამაზე და სწრაფად გადაეწყვნენ ახალ წარმოებაზე, რითიც გვერდში დაუდგნენ საქართველოს და ქართველ ხალხს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პრიორიტეტული დარგები

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს შიდა წარმოების განვითარებას. პირველ რიგში, ეს ეხება სოფლის მეურნეობას, ამ დარგის გადამამუშავებელ სექტორს და კვების მრეწველობას.

„ბევრი ქვეყანა დაიწყებს ახლა საკუთარი რესურსის განვითარებას და საქართველოსთვის, პირველ რიგში, ეს არის სოფლის მეურნეობა, კვების ინდუსტრია და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

წინა კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მთავრობამ ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე.

ბიზნესის ხელშეწყობა

მთავრობა ბიზნესს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უკეთ მოერგება ახალ მოთხოვნებს, ხელისუფლება გაზრდის დაკრედიტების მოცულობას, პროცენტი კი საბაზრო ვითარების გათვალისწინებით დაკორექტირდება.

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება

„ასევე ავამოქმედებთ საკრედიტო-საგარანტიო სქემას, რომელიც წინა წლებში, როცა ეკონომიკა მყარი იყო, იმდენად მოთხოვნადი არ ყოფილა, რადგან რისკები იყო დაბალი.  დღეს კი, ბიზნესებთან კომუნიკაციით ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სქემას ძალიან დადებითი როლი შეუძლია, შეასრულოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კერძოდ, მინისტრის თქმით, კრედიტების გარანტირების სქემის მოცულობა არანაკლებ 300 მილიონი ლარი იქნება, აუცილებლობის შემთხვევაში კი დაფინანსება გაიზრდება.

„კერძოდ, საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტია იქნება ახალი სესხის შემთხვევაში. დღეს ბევრ ბიზნესს დასჭირდება ახალი სესხი, რადგან  შემოსავლები შეუმცირდათ ან გაუნულდათ და სჭირდებათ დამატებითი რესურსის მოზიდვა საბრუნავად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროგრამა ყველასთვის

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ამოქმედდება უპრეცედენტო ნაწილი – თუ აღნიშნული პროგრამა აქამდე მხოლოდ განვითარებასა და ახალ პროექტებზე იყო ორიენტირებული, ამიერიდან დაეხმარება ასევე მოქმედ ბიზნესებს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში.

„ანუ თუ უკვე არსებული, ადრე გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდება და ბანკი ბიზნესს  სესხის გადახდას გადაუვადებს,  30 პროცენტიან თანაუზრუნველყოფას შევთავაზებთ ბიზნესსაც და ბანკსაც. აქედან გამომდინარე საკრედიტო-საგარანტიო სქემის დატვირთვა იქნება ძალიან მაღალი, რითაც ჩვენ  რისკებს ვამცირებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარმოადგენს საგარანტიო ფონდს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების გარანტად გამოდის. უფრო მარტივად - როდესაც ბიზნესი კრედიტს იღებს, მთავრობა ხდება მისი თავმდები და თუ კონკრეტული ბიზნესი არ გაამართლებს და ბანკიდან აღებული სესხი ისე დაიხარჯება, რომ მოგებას არ მოიტანს, მთავრობის მიერ შექმნილი ფონდი სესხს ბიუჯეტის ფულით დაფარავს.