კორონავირუსი და არჩევნები საქართველოში: ხელისუფლებასა და ოპოზიციას წარმატების სჯერა

საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის პანდემია ხელს ვერ შეუშლის საარჩევნო რეფორმის განხორციელებას და 2020-ის საპარლამენტო არჩევნები უკვე ახალი სისტემით ჩატარდება
Sputnik

საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას ვერ შეაფერხებს >>

როგორ აისახა კორონავირუსი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ჩატარდება თუ არა არჩევნები-2020

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო, ვადა გადაიწია. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდა. შესაბამისად, არჩევნების ვადა ნოემბრამდე გადაიწია.

იმავდროულად, დღეს ქვეყანას მხოლოდ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი და საარჩევნო კოდექსში შესატანი შესწორებების გეგმა გააჩნია. ეს კანონპროექტები მიღებას და განხილვას მოითხოვს.

ჩვენ ყველაფერს მოვასწრებთ

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პროექტები დროულად იქნება მიღებული.

„საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს თუკი დასრულდება და არ გაგრძელდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ აბსოლუტურად თავისუფლად ვასწრებთ ამ (ცვლილებების - რედ.) პაკეტის მიღებას ივნისის ბოლომდე. შესაბამისად, სათანადო დროს დასრულდება პაკეტის მიღება და უკვე ივლისიდან ჩვენ გადავალთ სრულფასოვან საარჩევნო რეჟიმზე, საარჩევნო კამპანიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნების გადატანის საფუძველს ვერ ხედავს ვერც ლიდერი ოპოზიციური პარტიისა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სერგი კაპანაძე.

„ამ წუთში რაიმე წინაპირობა იმისა, რომ არჩევნები არ ჩატარდეს თავის დროზე, არ არსებობს. ზაფხულის შუამდე ჩვენ გვაქვს ვადა იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და შევთანხმდეთ ამ წესებზე“, - განაცხადა კაპანაძემ.

რას გულისხმობს კანონპროექტი

პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

კერძოდ, 150 ადგილიდან 120 გადანაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც, სულ მცირე, ხმების იმდენივე პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულებს შორის.

საგანგებოს გაგრძელება, აღდგომა და ეკონომიკა: საქართველო კორონავირუსის პიკის მოლოდინში

ყველაზე მეტი ოლქი იქნება თბილისში – რვა. დანარჩენი 22 განაწილდება 10 რეგიონზე.

არსებული სისტემისგან განსხვავებით, ადგილების გადანაწილება პარლამენტში პარტიებს შორის ახალი ფორმულით მოხდება, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების შედეგებზე ორიენტირებას.

ამ ფორმულით პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად მიიღებს იმაზე არაუმეტეს ერთი მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.

თუ არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დაწესებულ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის გადაანაწილებენ, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პარტიებს, რომლებიც ცესკოს წარუდგენენ არანაკლებ 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას, ასევე პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში და მიიღეს არანაკლებ 15 ათასი ამომრჩევლის ხმა, ასევე პარტიებს, რომელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო არანაკლებ 15 ათასი ამომრჩევლის ხმა.