COVID-19 - ბოლო ცნობები

PCR ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი

PCR მეთოდით ჩატარებული ტესტების რაოდენობა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება - ბოლო 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა
Sputnik

თბილისი,  22 აპრილი – Sputnik. 23 აპრილიდან PCR-ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი, პირველი არხის ეთერში განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მეცნიერების მოსაზრება: კორონავირუსი შესაძლოა ორგანიზმში სამუდამოდ რჩებოდეს

ერთი თვის წინ კორონავირუსზე ტესტირება ხორციელდებოდა ლუგარის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ერთ-ერთ კერძო კლინიკაში. ხვალიდან PCR-ტესტირება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი - სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში.

18 აპრილს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა და აქედან 92% დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის.

„მინდა გაუწყოთ, რომ თანდათან PCR-ტესტირება ქვეყანაში იზრდება, უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს დილას გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92 პროცენტი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსზე 8 375 ტესტია ჩატარებული.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 107 პირი

დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

არის ასევე სწრაფი ანუ ექსპრეს-ტესტები, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 416–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა - 107. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს. გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5 160, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.