თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. საქართველოში 73 წლის მამაკაცმა, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, კორონავირუსი დაამარცხა.
აღნიშნული პაციენტი ერთ–ერთია იმ სამიდან, რომლებიც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მეორე გამოჯანმრთელებული თერჯოლის, მესამე კი ვანის კლასტერს უკავშირდება.
ამ მომენტისთვის კლინიკაში 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან დღეს გადაიყვანეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 411–ს მიაღწია. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 98. გარდაიცვალა 98. კარანტინში იმყოფება 5 160, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ხელისუფლებამ, ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში რიგი აკრძალვები, მათ შორის, კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) მოქმედებს.