თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, ამიტომ სლოგანი „დარჩი სახლში“ კიდევ დიდ ხანს დარჩება ძალაში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მოუწოდა არ მოდუნდნენ და კვლავ დაიცვან რეკომენდაციები.
„ყველამ მოვახერხეთ ის, რომ ერთად დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი; ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და ის არ გახდა ციცაბო“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, იმის წყალობით, რომ საზოგადოების უმრავლესობა იცავდა რეკომენდაციებს, დღიური მაჩვენებელი ათ შემთხვევას არ აჭარბებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება, რადგან პიკი წინ არის. მან შეახსენა ყველას, რომ პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო 22 მარტს უკვე ინფექციის შიდა გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა.
„ჩვენ ვიყენებთ ძალიან და ვსწავლობთ ბევრი ქვეყნის გამოცდილებას და შიდა გავრცელებიდან დაწყებული უკვე მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირაში. ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ ის მთავარი სლოგანი, რომელიც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში – „დავრჩეთ სახლში“, ის ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ექიმმა აღნიშნა, რომ ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის. იმ დროისათვის, როდესაც პიკი დაღმავალი გახდება, საქართველოს მთავრობას და ეპიდემიოლოგებს აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თანდათანობით უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, უნდა გაიხსნას ბიზნესი.
„ამის გეგმა წარმოდგენილი იქნება და ნახავთ, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით იქნება... ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და სწორად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს ახლა, დამერწმუნეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანამ გაატარა დაწყებული იანვრიდან დღემდე, იყო ძალიან დროული, მიზანდასახული და ყოველთვის იძლეოდა შედეგს. ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევა არის დაფიქსირებული, აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, მანქანების გადაადგილების აკრძალვისა და სხვა შეზღუდვების პირობებში ცხოვრება რთულია, მაგრამ კორონავირუსთან ბრძოლაში ეს წარმატების მიღწევის ერთადერთი გზაა.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ს დიაგნოზი 408-ს დაუსვეს, გამოჯანმრთელდა 97, გარდაიცვალა 4. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4816 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.