მოსაზრება: რატომ ცდიან სირიაში რუსულ ტანკ „არმატას“

სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო გარემოში ტანკ Т-14 „არმატას“ გამოცდა მიუთითებს მოსკოვის სწრაფვაზე, დაამტკიცოს რუსული საბრძოლო ტექნიკის უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე.
Sputnik

ალექსანდრ ხროლენკო

„არმატას“ პლატფორმაზე უახლესი ტანკის Т-14-ის ხანგრძლივი გამოცდა რეალური საბრძოლო მოქმედებების პირობებში დასრულდება. ეს არის ძირითადი საბრძოლო ტანკის ფორმირების ოპტიმალური გზა. მასში გამოყენებულია მოწინავე ტექნოლოგიები, უნიკალური ციფრული და პროგრამული გადაწყვეტილებები, გათვალისწინებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული მოთხოვნები. იმის შესახებ, რომ რუსული ტანკი „არმატა“ სირიაში საბრძოლო ვითარებაში გამოიცადა და სერიული მიწოდება 2021 წელს დაიწყება, 19 აპრილს რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა ისაუბრა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "არმატას" ტანკებს ყიდულობს

სენსაციურმა ინფორმაციამ უცხოურ პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „არმატას“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მესამე თაობის ტანკი ჯავშნიანი კაფსულით ეკიპაჟისთვის, რომელიც ჯაბნის ჯავშანტექნიკის ყველა საუკეთესო უცხოურ ნიმუშს, მათ შორის, ამერიკულ Abrams-ს, ფრანგულ Leclerc-ს და გერმანულ Leopard 2-ს. რუსული ტანკი 2019 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს სხვადასხვა განვითარებული სახელმწიფოს 12 მანქანას შორის. მსოფლიოში არ არსებობს „არმატას“ პირდაპირი კონკურენტი თუ ანალოგი. ტანკი შესრულებულია მოდულის პრინციპით, ცალკე განთავსებული ეკიპაჟით (დაჯავშნილ კაფსულაში), საბრძოლო კომპლექტითა და საწვავით, დისტანციურად სამართავი გარეთ გამოტანილი შეიარაღებით. ამასთან, გააჩნია მოდერნიზებისა და რობოტიზების შეუზღუდავი შესაძლებლობები.

საბრძოლო მახასიათებლები

სპეციალისტები „არმატას“ მიიჩნევენ 25-30%-ით უფრო ეფექტურ და გამძლე მანქანად, ვიდრე სავარაუდო მოწინააღმდეგეების ტანკებს. სამკაციანი ეკიპაჟი დაჯავშნილი კაფსულიდან, რომელიც ტანკის კორპუსშია მოთავსებული, დისტანციურად მართავს 125-მილიმეტრიან გლუვლულიან 2А82 ქვემეხს. ამგვარი განლაგების წყალობით ეკიპაჟი დაცულია ტანკის ზედა ნაწილში თანამედროვე და ყველაზე პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და რაკეტების მოხვედრის შემთხვევაშიც. სრულიად ახლებური გადაწყვეტაა მსოფლიოს მასშტაბით.

125-მილიმეტრიანი ქვემეხის გასროლის სიმძლავრე აღემატება ყველა არსებულ სატანკო იარაღს და უზრუნველყოფს წუთში 12 გასროლას. „არმატას“ ოპტიკა მიზანს დღისით 5 კმ-ის სიშორეზე, ღამით კი 3,5 კმ-ის მანძილზე პოულობს. იარაღი, სატანკო ტყვიამფრქვევები და სამიზნეები შესაძლებელს ხდის გასროლას მოძრაობისას. 48-ტონიანი ტანკი ავითარებს 90 კმ/სთ სიჩქარეს. დიზელის ძრავის სიმძლავრეა - 1500, 2000 საათის მოტორესურსით. მომავალში „არმატას“ მართვა დისტანციურად იქნება შესაძლებელი, ანუ ტანკი იმოძრავებს ეკიპაჟის გარეშე. უნივერსალურია „არმატას“ მუხლუხოს პლატფორმაც. 

"არმატა" კიბერსივრცეში: როგორ გამოიყურება ტანკი კომპიუტერულ თამაშში

ტანკ „არმატას“ ტრადიციული პასიური დაცვა „მალაქიტი“ შევსებულია აქტიური დაცვის კომპლექსით „აფგანიტით“, რომელიც ავტომატურად - ეკიპაჟის უშუალო მონაწილეობის გარეშე - ანადგურებს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს, ბომბებსა და რაკეტებს. „აფგანიტის“ რადიოოპტიკური რადარი აფრთხილებს „ტანკის ინტელექტს“ საფრთხეების შესახებ, შემდეგ კი რადიოელექტრონულ დამხშობ სისტემას მოწინააღმდეგის რაკეტები მწყობრიდან გამოჰყავს. „აფგანიტს“ შეუძლია სამიზნის ფიზიკურად განადგურებაც, რეზერვში კი რჩება დინამიკური დაცვა „მალაქიტი“. ტანკის არც ისე მარტივი სილუეტი საგრძნობლად ამცირებს ობიექტის აღმოჩენის შესაძლებლობას თბურ და რადიოლოკაციურ სპექტრებში.

გადაიარაღება და ექსპორტი

რუსეთის არმიას 2300 ერთეული „არმატას“ ტანკი სჭირდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს ყოველწლიურად 200 ტანკის შეძენას.

„არმატას“ პლატფორმაზე ტანკის გამოცდა დასრულდება 2020 წელს. ახალი საბრძოლო მანქანა წარმატებით გამოიცადა არქტიკაში, სირიაში და სხვა მკაცრი ბუნებრივი პირობების მქონე ადგილებში (-50 გრადუსიდან +50 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურის დიაპაზონში). დამტკიცებულია ამ უახლესი, რევოლუციური სისტემის სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტურობა. კანონზომიერია პოტენციური უცხოელი მყიდველების დაინტერესებაც.

აღსანიშნავია, რომ „არმატა“ ძვირადღირებული ტანკია. ერთი ერთეული 7 მლნ დოლარამდე ფასობს, რაც განპირობებულია მაღალტექნოლოგიური კონსტრუქციით, გამოცდის მნიშვნელოვანი ციკლითა და მოდერნიზებით. თუმცა სრულყოფილი იარაღი თანამედროვე მსოფლიოში შეუცვლელი ინსტრუმენტია მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის და მოსკოვს უკვე მიღებული აქვს წინასწარი განაცხადები Т-14-ის შესაძენად (მოლაპარაკებები გაიმართა ეგვიპტესთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან). ტანკის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდება მას შემდეგ დაიწყება, რაც „არმატა“ რუსულ არმიაში გამოჩნდება.

როგორც არ უნდა იყოს, ტანკი Т-14 რუსულ იარაღს პლანეტის არაერთ ცხელ წერტილში გაუთქვამს სახელს. „არმატაში“ გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები აქტუალობას მთელი XXI საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნებს. შემთხვევით ხომ არ დაუყენებიათ უცხოელ ექსპერტებს ეს ტანკი პირველ ადგილზე რუსეთის სახმელეთო იარაღის სავარაუდო მოწინააღმდეგისთვის ყველაზე საშიში შეიარაღებების სიაში. გერმანიისა და საფრანგეთის სამხედრო უწყებები კი ცდილობენ „არმატას“ ღირსეული კონკურენტის შექმნას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს