COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19: აღმოჩენილია ახალი კორონავირუსის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტური იქნება, თუმცა, თუ ახალი კორონავირუსის მუტაცია გაგრძელდება, ამან ვაქცინაზე მუშაობა შესაძლოა გაართულოს.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ტაივანელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსის - SARS-CoV-2-ის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია. წინასწარი კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია bioRxiv ვებგვერდზე.

მსოფლიო ღამით: ყავის დეფიციტი, მამრობითი სქესის რისკები და კომპრომატული ვიდეო >>

სპეციალისტებმა შეისწავლეს COVID-19-ის მაპროვოცირებელი 106 ნიმუშის გენეტიკური სტრუქტურა მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც თავმოყრილია სრულგენომიანი ჩანაწერების ინფორმაცია, მიღებული მთელი მსოფლიოდან. მონაცემებს შორის იყო 54 ჩანაწერი აშშ-დან, 35 - ჩინეთიდან, სამი - ესპანეთიდან, ორი - ბრაზილიიდან და თითო - ავსტრალიიდან, ფინეთიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, ნეპალიდან, სამხრეთ კორეიდან და შვედეთიდან.

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს

მუტაცია აღმოაჩინეს ნიმუშში, რომელიც 27 იანვარს ინდოეთში ერთ-ერთ პაციენტს აუღეს. მუტაციამ შეამცირა პათოგენის უნარი, დაუკავშირდეს ადამიანის უჯრედების რეცეპტორს, ე.წ. ACE2 -ს, ანუ ნაკლებად საშიშს ადამიანისთვის.

მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია შეადარეს ასევე SARS კორონავირუსის გენომის 39 თანამიმდევრობას. როგორც ცნობილია, 2002-2003 წლებში SARS-მა გამოიწვია მძიმე რესპირატორული სინდრომის აფეთქება, რომელიც ატიპური პნევმონიის სახელითაცაა ცნობილი. შედეგებმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2 ვირუსის გენომი გაცილებით მდგრადია და ნაკლებად ექვემდებარება მუტაციას, ვიდრე SARS ვირუსი. ასევე, ის არის უფრო სტაბილური, ვიდრე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ვირუსები.

ავტორების აზრით, ეს ბადებს იმედს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტური იქნება, თუმცა, თუ ახალი კორონავირუსის მუტაცია გაგრძელდება, ამან ვაქცინაზე მუშაობა შესაძლოა გაართულოს.

როგორ ვრცელდება კორონავირუსი მარკეტებში: სუპერკომპიუტერმა ზუსტი მოდელი შექმნა - ვიდეო

„SARS-CoV-2-ის შედარებით სტაბილური გენომი ეპიდემიასთან ბრძოლის კარგი მაჩვენებელია, ვინაიდან მუტაციის ნაკლები რაოდენობა ვაქცინებისა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების სწრაფი შემუშავების იმედს იძლევა“, - წერენ მეცნიერები.

ისინი აღნიშნავენ, რომ აღმოჩენილი მუტაცია ნაკლებ სახიფათოა, ხოლო გენები, რომლებიც ვირუსის ეკლების ცილის ჯანმრთელ უჯრედებზე მიმაგრებას განაპირობებენ, არ შეცვლილა. სწორედ ეს ცილები წარმოადგენენ პოტენციურ სამიზნეს ვაქცინებისთვის, რომელთა შექმნაზეც მეცნიერები მუშაობენ.

SARS-CoV-2 კორონავირუსი განეკუთვნება ე.წ. რნმ-ვირუსების ჯგუფს, რომლებსაც ახასიათებს მუტაციის სწრაფი ტემპი გავრცელების პერიოდში. ამან, მეცნიერთა აზრით, შეიძლება გაართულოს ვაქცინის შემუშავების პროცესი. მაგალითის სახით ისინი ასახელებენ სეზონურ გრიპს, რომელიც თითქმის ყოველ წელს ახალი მუტაციის სახით იჩენს ხოლმე თავს და რომელზეც არ მოქმედებს წინა წელს გაკეთებული აცრები.

კორონავირუსი სუსტდება? ქართველი ინფექციონისტის პასუხი

„ვინაიდან ვირუსი განაგრძობს სწრაფად გავრცელებას მთელ მსოფლიოში და სულ უფრო მეტი გენომის მონაცემი გროვდება, ჯერ კიდევ აუცილებელია SARS-CoV-2-ის ევოლუციისა და მუტაციის დინამიკაზე ყურადღებით დაკვირვება, - აღნიშნავენ ავტორები. - ჩვენ დავადგინეთ, რომ SARS-CoV-2-ს მუტაციის შედარებით დაბალი სიხშირე აქვს, მაგრამ ასევე დავამტკიცეთ, რომ ახალი მუტაცია სხვა იმუნური მახასიათებლებით და ვირულენტობით უკვე გაჩნდა“.

დაცემინების დროს ვირუსი 8 მეტრზე იფრქვევა: პროფესორმა ექსპერიმენტი ვიდეოზე აღბეჭდა >>

ჯერჯერობით შედეგები იმედის მომცემია, აღნიშნავენ მეცნიერები. ახალი კორონავირუსის გენომი სტაბილურია. ამ დროისთვის აღმოჩენილი ერთადერთი მუტაცია ნაკლებ სახიფათოა, ვიდრე თავდაპირველი ვირუსი, ხოლო ეკლების s-ცილა, რომლის მეშვეობითაც ვირუსი უჯრედს ეჭიდება, უცვლელი დარჩა.