COVID-19 - ბოლო ცნობები

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის ღამეს მოქალაქეებმა სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, რისთვისაც მათ მადლობას უხდის
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვები კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა არ არსებობს ვაქცინა და არ არის შექმნილი დაავადების სამკურნალო წამალი, შეზღუდვები ინფექციის გავრცელების რისკს ამცირებს.

„მკაცრი შეზღუდვები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის, როცა არ არსებობს ვაქცინა და არ არის ეთიოტროპული წამალი. სოციალური დისტანცირება და შეზღუდვები გახლავთ სწორედ ამ მობილობის შეზღუდვა, გადაადგილების შეზღუდვა, ერთად თავშეყრის შეზღუდვა, ხალხის ერთად ყოფნის შეზღუდვა ინფექციის გავრცელების რისკს ამცირებს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსი სუსტდება? ქართველი ინფექციონისტის პასუხი

გამყრელიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეებმა აღდგომის ღამეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

„რაც ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, იგივე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები. ძალიან ბევრი არ მივიდა, მადლობა ამ ადამიანებს, ეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების ზრდა კვლავ მოსალოდნელია და თუ რა როლი ითამაშა შეზღუდვების განხორციელებამ, თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდვების შეუსრულებლობამ, ეს დაახლოებით 10 დღის შემდეგ გამოჩნდება.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა შეზღუდვების მოხსნა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

როგორ მიულოცეს საქართველოში აღდგომა ერთმანეთს აივნებიდან - ვიდეო

გაგრძელდება თუ არა ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა – გამყრელიძე ამბობს, რომ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. აღნიშნული რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდება. ნებართვის გარეშე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გამოჩენა. დაკეტილია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი.