COVID-19 - ბოლო ცნობები

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები ინფიცირებულების შესახებ თბილისში

უწყების ცნობით, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა.

„ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 385 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 4971 , ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 519.