COVID-19 - ბოლო ცნობები

ავტომობილით მოძრაობის შეზღუდვა საქართველოში - ხშირად დასმული კითხვები

როგორც კი მთავრობამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება ავტომობილით მოძრაობის აკრძალვის შესახებ, "ცხელ ხაზზე" მოქალაქეთა ზარები არ შეწყვეტილა.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საქართველოში 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილამდე ამოქმედდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა. დაიშვება მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 17 აპრილისთვის>>

მთავრობა იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო იმის გამო, რომ მიუხედავად მოქალაქეებისადმი ექიმების დაჟინებული მოწოდებისა, დარჩნენ სახლში, ქვეყანაში მოძრაობა მაინც ინტენსიური იყო, ხოლო კორონავირუსთან ბრძოლის სხვა საშუალება, გარდა სოციალური დისტანცირებისა, ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს.

საქართველოს მთავრობა აქვეყნებს პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე:

– რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება?

იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა.

– რომელი სატრანსპორტო საშუალებით შემიძლია გადაადგილება?

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

– ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს?

შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

– როგორ შემიძლია მოვიპოვო საშვი მანქანით გადაადგილებისთვის?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ., სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო). თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არც ერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ "ცხელ ხაზზე" - 144.

#დარჩი სახლში: ექიმები მრევლს აღდგომის ღამეს სახლში დარჩენას კიდევ ერთხელ სთხოვენ

– ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე?

თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.

– ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ უნდა გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე?

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2 (მიკროავტობუსით) და M3 (ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

– როგორ უნდა გადავადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია:

თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ., დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ., დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

საქართველოში ხუთი დღით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

– შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება?

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

– შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა?

იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

– სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება თუ ყველგან?

სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.

– პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებებში მაქვს?

პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ., აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.).

გამყრელიძე: საქართველო სრული კარანტინის გამოცხადების ზღვარზეა

– შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად?

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ., ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

– მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა?

არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.

– მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით?

დიახ, სამსახურებრივი მიზნით თქვენი სატრანსპორტო საშუალებით თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 370 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 558 პაციენტია.