COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში პნევმონიის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ შეიმჩნევა

ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა ეფექტური საშუალება იქნება იმისთვის, რომ მოხდეს გართულების თავიდან აცილება.
Sputnik

 

თბილისი,  13 აპრილი  — Sputnik.  დღეისთვის ქვეყანაში პნევმონით დაავადებულთა მნიშვნელოვანი მატება არ შეიმჩნევა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყება არ გეგმავს პნევმონიის მქონე პირთა იმ ჯგუფში შეყვანას, რომელთა ტესტირებაც პირველ რიგში არის გათვალისწინებული. ტიკარაძის სიტყვებით, უკვე ერთი თვეა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პნევმონიის შემთხვევების სტატისტიკაზე დაკვირვება. 

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება

 „ამ ეტაპისთვის ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, დაავადების მონიტორიგისა და კონტროლის გარკვეული გამკაცრება იგეგმება.  შემდეგ უკვე გადავწყვეტთ, თუ როგორი მეთოდით გავაგრძელებთ ტესტირებას კოვიდზე“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა ეფექტური საშუალება იქნება იმისთვის, რომ მოხდეს გართულების თავიდან აცილება.

 „ეს აცრა მართლა ეფექტური იქნება იმისთვის, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან. ამ აცრასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და დადასტურება, რომ იგი ეფექტურია. ძალიან ბევრი მოწინავე ქვეყანა საკუთარი მოსახლეობისთვის ამ აცრებს მიმართავს“, – განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ საქართველო ამ პროექტზე მუშაობს.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფექციის სწორი მართვა და კონტროლი ყველა კლინიკის ვალდებულებაა და ეს ეხება არამარტო კორონავირუსს.

ტიკარაძის სიტყვებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნის ყველა კლინიკის შესაძლებლობების შესწავლა და დეტალური მონიტორინგი მიმდინარეობს. მათ უკვე მიიღეს კონკრეტული მითითებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს  გათვალისწინებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 67, გარდაცვლილია სამი. კარანტინში იმყოფება 4 890, სტაციონარში მკურნალობს 439.