COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისში, რუსთავსა და გორში დროებითი სანოტარო ბიუროები გაიხსნა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 30 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო დაიხურა. 
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. დღეს დილით გორში, რუსთავსა და თბილისში (წერეთლის გამზირზე) სამი ახალი, დროებითი სანოტარო ბიურო გაიხსნა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სანოტარო ბიუროების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

იუსტიციის სამინისტრომ დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა განაახლა

„ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს გვერდს ვერ ავუვლით და მათი მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სანოტარო ბიუროებმა თავიანთ ტერიტორიაზე არ დაუშვან მოქალაქეები, თუ წინასწარი თერმოსკრინინგი არ ჩატარდება... როგორც კი ნოტარიუსთა პალატა შესაბამის აღჭურვილობას შესაბამისი ოდენობით შეიძენს, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი სანოტარო ბიურო განაახლებს ფუნქციონირებას“, - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ეროვნულმა არქივმა დისტანციურ რეჟიმში განაახლა საქმიანობა.

„6 აპრილიდან სრულად დისტანციურ რეჟიმში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაახლა საქმიანობა. შემდეგ ეროვნულმა არქივმა რვა ყველაზე მოხმარებადი და მოთხოვნადი სერვისის გაცემა დაიწყო. დღეს ამ სერვისებს დაემატა კიდევ ოთხი სხვა სერვისი, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ეროვნული არქივის საჯარო სერვისები არის სრულად დისტანციურად ხელმისაწვდომი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის სახლები, სანოტარო ბიუროები და რეესტრები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან>>

10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ  21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.