ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელის სახით ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ პირს  ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ  ბრალი წარუდგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაური ცხოველების შესახებ კანონის გამკაცრებას ვეტერინარი მიესალმება>>

უწყების ცნობით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა 6 აპრილს ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან  ძაღლი გადააგდო. ცხოველმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 

ცხოველებზე ძალადობის შემთხვევა - ნაგავსაყრელიდან პარკში გახვეული ლეკვები ამოიყვანეს

ბრალდებული სამართალდამცველებმა 8 აპრილს დააკავეს.  მას  ბრალდება საქართველოს სსკ-ის  259-ე მუხლით წარედგინა, რაც ითვალისწინებს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.

უწყების ცნობით, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა  და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.

„სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ბრალდებულის  მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში ძაღლებისა და კატების უგულო მეპატრონეებს დააჯარიმებენ>>

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა მასპინძლის მეზობელთან შეკამათების შემდეგ მისი ძაღლი გადმოაგდო. ძაღლი მაკედ იყო. მას ლეკვები დაეხოცა, თვითონ კი მრავლობითი მოტეხილობითა და შიდა სისხლდენით მძიმე მდგომარეობაშია.