COVID-19 - ბოლო ცნობები

სააფთიაქო ქსელებში ქართული პირბადეები უკვე გამოჩნდა

მსხვილი სააფთიაქო ქსელები პირველ ეტაპზე ქართული წარმოების 400 ათას მრავალჯერად პირბადეს მიიღებენ. შეძენა ორ დღეში მთელ საქართველოში იქნება შესაძლებელი. პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი პირბადეების სააფთიაქო ქსელებისთვის მიწოდება დღეიდან დაიწყო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

პირბადეები და ანტისეპტიკური საშუალებები აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის>>

მინისტრის თქმით, „ავერსის“, „ფარმადეპოს“, PSP-სა და GPC-ს სააფთიაქო ქსელები საწყის ეტაპზე 400 ათას პირბადეს მიიღებენ, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით მათ გადანაწილებას ორი დღე დასჭირდება.

ქართველ სამხედროებს ქართული წარმოების პირბადეები დაიცავს

ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ნაწარმოები პირბადე მრავალჯერადი გამოყენებისაა და დელიკატური რეცხვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია ერთი პირბადე დიდხანს იმყოფინოს. ამასთან, პირბადეებს შესაბამისი ინსტრუქციაც მოჰყვება. 

მინისტრის განცხადებით, პირბადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებას ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები პირბადეებს უსასყიდლოდ კერავენ, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა ერთ ლარზე მეტი უჯდება. 

„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი ქართული წარმოების პირბადე, გადაწყდა, რომ აფთიაქებში პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება. ეს არის სუბსიდირებული ფასი, რომლის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს და პრაქტიკულად თვითღირებულების ნახევარ ფასად - 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, ქართული პირბადეების პარალელურად აფთიაქებში გაიყიდება სხვა პირბადეებიც, მათ შორის იმპორტულიც. 

თურნავა: საქართველოში შეკერილი პირბადეები მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას უფასოდ გადაეცემა

„სააფთიაქო ქსელები, როგორც ვიცი, შეთანხმდნენ გარკვეულ ლიმიტზე - თითო მოხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა, რაც სამართლიანია. როგორც კი შევატყობთ, რომ მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ. თუმცა, გამომდინარე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება თითო ადამიანზე გასაცემი პირბადეების დაწესებული ლიმიტი მოიხსნას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ვინაიდან მარნეულის, ბოლნისისა და ვანის მუნიციპალიტეტებში განსხვავებული ეპიდსიტუაციაა, ყველაფერი გაკეთდება, რომ პირველ რიგში პირბადეები აფთიაქებმა ამ რეგიონებში მიიღონ. 

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.