COVID-19 - ბოლო ცნობები

გიორგი გახარია: ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის და საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად საქართველო გაუმკლავდება კორონავირუსს.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. დღეს ყველას გვიხდება რთული ბრძოლა, რომელშიც ყველა ქვეყანა თუ ადამიანი თანასწორია. საქართველო ამ გამოწვევასაც დაძლევს, დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს გამოეხმაურა.

საქართველოში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები იზრდება – ბოლო მონაცემები >>

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის დღეს – 7 აპრილს აღინიშნება. ორგანიზაციის შექმნის მომენტიდან – 1948 წლიდან ჯანმოს წევრი 194 სახელმწიფო გახდა.

საქართველო ჯანმოს 1992 წელს შეუერთდა.

რას წერენ ქართული გაზეთები: კორონავირუსით დაავადებულებს ახალი მეთოდით უმკურნალებენ

„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. დღეს მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშეა და განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ძლიერია ეკონომიკურად ესა თუ ის სახელმწიფო, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად ყველას რთული ბრძოლა გვიხდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ყველა ქვეყანა თუ ადამიანი თანასწორია. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დარჩით სახლში!“ – დაწერა გიორგი გახარიამ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46. გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4708, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.